ღარიბაშვილი ამბობს, რომ მაშინ პირბადის ტარება მოქალაქეებისთვის სიახლე იყო და ისინი წესს "ნებსით თუ უნებლიედ" არღვევდნენ. მისივე თქმით, ჯარიმების რაოდენობა 70 მილიონი შეადგინა, მთავრობის მოტივაცია კი იყო, რომ "ისედაც გაჭირვებული მოსახლეობისთვის 70 მილიონი არ წაერთმიათ".
ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა მოსახლეობამ კარგად იცის, როგორ მოქმედებს წესები და რამდენად მნიშვნელოვანია ის.
"ბოლო დღეების განმავლობაში აჟიოტაჟი ატყდა, რატომ ჩამოაწერა პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ ხალხს ის ჯარიმები, რომელიც დაგროვდა 2020 წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ მაშინ ეს იყო სიახლე, ყველანი ვიყავით შოკში, შეიძლება ასე ითქვას და ბევრ ადამიანს ნებსით თუ უნებლიედ მოუწია დარღვევა პირბადის ტარების, შეიძლება გადაადგილების დროს და დაგროვდა ჯარიმები. საკმაოდ დიდი თანხა შეადგინა ამ ჯარიმების მოცულობამ – 70 მილიონი. მე მაშინ გუნდში დავაყენე საკითხი და ვთქვი, რომ ისედაც გაჭირვებულ და გაღარიბებულ მოსახლეობას ამ 70 მილიონს ნუ გამოვართმევთ. პანდემია, ჩვენ ყველას ხელი შევუწყვეთ, ბიზნესს მაქსიმალურად დავეხმარეთ. გამცეს პასუხი ყველა კრიტიკოსმა, რატომ არ უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას, რომელმაც 2020 წელს არ იცოდა ეს წესები და რეგულაციები და დაარღვია, მაგრამ ახლა, ვინაიდან ვიცით, რომ ეს წესები როგორ მოქმედებს და რაოდენ მნიშვნელოვანია, ყველას გთხოვთ, რომ ეს წესები დავიცვათ. მოტივაცია იყო განმარტებული, მაგრამ, როგორც ჩანს, არ უნდათ, რომ გაიგონ. მოტივაცია იყო ის, რომ ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას ეს 70 მილიონი არ უნდა წავართვათ და ეს ძალიან ბუნებრივი და გონივრული იყო ამ სიტუაციაში", – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, 24 ივნისს, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ იმ პირებს, იმ პირებს, რომლებსაც პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა, ამნისტია შეეხება. ოპოზიციის ნაწილმა გადაწყეტილება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქვა.
გართულებული ეპიდვითარების გამო კი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 აგვისტოდან ღია სივრცეში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდა.