"2008 წლის ომი რუსეთმა დაიწყო და ამისთვის დიდხანს ემზადებოდა", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "დოჟდის" ეთერში ისაუბრა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით კრემლის მიზანი მეზობელი ქვეყნების დასუსტება და მათი დამორჩილებაა, ამისთვის კი ის გეგმებს წლების განმავლობაში აწყობს.
"რაც მე გავაკეთე, იმას პუტინი ვერასოდეს შეძლებს, ამის გამო მას შური და ბრაზი ამოძრავებს. ნებისმიერი მთავრობა რომელიც საქართველოში წარმატებული იქნება, რომელიც ჩემს კურსს და იდეებს გააგრძელებს, რუსეთში აგრესიას გამოიწვევს. როგორც კი განვითარების გზას დავუბრუნდებით რუსეთს თავდასხმების შესაძლებლობას მოვუსპობთ და მათ ამასთან შეგუება მოუწევთ", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
მესამე პრეზიდენტის თქმით, საქართველოს რუსეთთან ხელშეკრულების დადების წარმატებული მაგალითიც აქვს, როცა 2008 წლის ომის შემდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ, რუსეთმა ცნო საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები.
"ჩვენ გვინდა ურთიერთობები დავალაგოთ რუსეთთან. სხვათა შორის ჩვენ გვაქვს ნათელი მაგალითი ომის შედეგ რუსებთან, ამერიკელებისა და შვეიცარიელების დახმარებით ვეტოს შეთანხმების მიღწევის, სადაც მათ ჩვენი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები ცნეს. რუსები არ მაღიარებდნენ მე მაგრამ ჩემთან შეთანხმებებს აღწევდნენ, რომელიც ქვეყნის აღიარებას იწვევდა. დღევანდელ ხელისუფლებას ისინი აღიარებენ თუმცა ვერანაირი შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებენ, რადგან მათ სერიოზულად არ აღიქვამენ", - აღნიშნა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.
პირდაპირი ეთერისას საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ქვეყანაში, ამჟამად არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა.
"როგორც კი საქართველო დემოკრატიულ გზას დაუბრუნდება. ევროკავშირთან აღვადგენთ იმ შეთანხმებებს რომლებიც გვქონდა და რომელსაც ივანიშვილის, მთავრობა ხელისუფლების დაკარგვის შიშითა და რუსეთის ზეწოლით გაექცა. როგორც კი ნორმალური არჩევნები ჩატარდება, გვეყოლება ხელისუფლება რომელიც რუსეთთან ხიდების ძებნას დაიწყებს", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.