პოლიტიკური მასკარადი, რომელმაც რისკის ქვეშ შეიძლება დააყენოს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე - ასე შეაფასა პრემიერმინისტრმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი.
როგორც გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, პანდემია ჯერ არ დასრულებულა და გარკვეული სახის რეგულაციები აუცლებელია. გახარიამ ოპონენტები დღეს პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულა.
ელემენტარული საკანონმდებლო ნაბიჯები, იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ შეზღუდვების სახით არ გავავრცელიოთ და ხელი შევუშალოთ სწრაფ და მასშტაბურ გავრცელებას ინფექციის, ეს საკითხები ხდება პოლიტიკური სპეკულირების თემები, - აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის კომიტეტის მომზადებული კანონპროექტით, პრემიერს უფლება ენიჭება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დააწესოს შეზღუდვები, რასაც უკვე პარლამენტის მხარდაჭერა აღარ დასჭირდება.
კანონპროექტს ოპოზიციის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. მათი თქმით, ის არაკონსტიტუციური და არადემოკრატიულია. ამის შემდეგ კი მმართველი გუნდი დათმობაზე წავიდა, სახალხო დამცველთან კონსულტაციები გაიარა და კანონპროექტში ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც, აღმასრულებელ ხელისუფლებას შემზღუდავი ნორმების დაწესების უფლება არა უვადოდ, არამედ დროებით შეეძლება.
საკანონმდებლო ორგანოში პროექტი პირველი მოსმენით სწორედ ამ ცვლილებების შეტანის დათქმით მიიღეს. მეორე მოსმენთი პროექტს დღეს განიხილავენ.