
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებაზე ვმუშაობთ და გარკვეული სტანდარტები შემდეგ კვირაში გვექნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედების შემდეგ, რთული იქნება, მგზავრებმა სოციალური დისტანცია დაიცვან, შესაბამისად, მთავრობა სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს.
მნიშვნელოვანია ძალიან დეტალური მუშაობის ჩატარება, რომ სამომავლოდ არ შეიქმნას ისევ ის გარკვეული რისკები, რის შედეგადაც მთავრობა ისევ იძულებული გახდება დააწესოს საგანგებო მდგომარეობა, - ამბობს ტიკარაძე.
მისივე თქმით, ტრანსპორტში, შესაძლოა, მგზავრთა რაოდენობა ლიმიტირებული იყოს.
ჯანდაცვის მინისტრმა რესტორნებთან და ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობა ამ მიმართულებითაც მუშაობს და ობიექტების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას, საზოგადოებას, ეტაპობრივად გააცნობს.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, კორონავირუსის საფრთხის გამო, 21 მარტს დაწესდა. კოვიდ 19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა კი ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.