ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნებზე დამოუკიდებელი დამკვირვებლის სტატუსით მისული მოქალაქე, მმართველი პარტიის მიერ დარეგისტრირებული დამკვირვებლების სიაში აღმოჩნდა.
საოლქო და საუბნო კომისიებში, დამოუკიდებელი წევრები არც ერთ პარტიას არ უნდა წარმოადგენდნენ და ისინი პროცესს ნეიტრალური სტატუსით უნდა დააკვირდნენ, თუმცა ირკვევა, რომ კომისიებში დამოუკიდებელი წევრების კვოტა, თითქმის სრულად, მმართველმა პარტიამ აითვისა და საკუთარი მხარდამჭერებით დააკომპლექტა.
"მთავარ არხს" ისნის საოლქო კომისიიდან სატელეფონო ჩანაწერი მიაწოდეს, რომლითაც დასტურდება, რომ დამკვირვებლის სტატუსით მისულ მოქალაქეს ცესკოში განაცხადი არ შეუტანია, თუმცა სიაში მაინც აღმოჩნდა.
"შემობრძანდა ერთი ქალბატონი ისნის საოლქო კომისიაში და მოითხოვა რეგისტრაცია. ჩვენ ავუხსენით, რომ რეგისტრაცია უკვე დამთავრდა და განაწყენებულმა თქვა, რომ ვინმე გიორგიმ მას უთხრა, რომ უნდა ყოფილიყო კომისიის წევრი.
მე ვკითხე ქალბატონს, სახელი, გვარი, უბანი და მას უკვე დაწერილი ჰქონდა განცხადება 10 რიცხვში, მაგრამ ამ ქალბატონმა ამ ფაქტის შესახებ არაფერი იცოდა. ეჭვები იყო, დავრეკეთ ბევრ კონკურსანტთან და თქვეს, რომ მათ განცხადებები დააწერინეს ოცნების შტაბში, მუნიციპალიტეტებში და შემდეგ თვითონ გამოაგზავნეს მათ მეილიდან",- თქვა ენმ-ის ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა ნინო დარჩიაშვილმა.
ოპოზიციის საარჩევნო კომისიის წევრები ამბობენ, რომ მსგავსი მეთოდებით "ქართული ოცნება" ადგილობრივი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. ისინი მომხდარის გამოძიებას მოითხოვენ.