მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი პრემიერის განცხადებას განმარტავს და წერს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ღარიბაშვილის განცხადებას მედიაში არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა:
მედიასაშუალებების გარკვეული ნაწილის მხრიდან არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა პრემიერ-მინისტრის მიერ ლაგოდეხში, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენისას, ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
პრემიერის განცხადების ინტერპრეტაცია იმგვარად, თითქოს ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, აბსოლუტურად უსაფუძვლო და არასწორია.
ირაკლი ღარიბაშვილი, ყველა საჯარო გამოსვლისას ყურადღებას ამახვილებს აცრის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე პანდემიის დამარცხების პროცესში და ანალოგიური შინაარსის იყო ლაგოდეხში დღეს გაკეთებული განცხადებაც.
პრემიერ-მინისტრი საუბრობდა სხვა ქვეყნის მაგალითზე, სადაც მსჯელობენ, რომ ვაქცინაცია, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სავალდებულო გახდეს.
რაც შეეხება ვალდებულებას, ჩემი აზრით, აცრა თითოეული ჩვენგანის ადამიანური ვალდებულებაა.
საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, აცრა გვიცავს სიკვდილისგან!" წერს გიორგობიანი
"ამერიკა საკუთარი მოქალაქეებისთვის სავალდებულოს გახდის ვაქცინების მიღებას, შესაბამისად, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ამის გაკეთება მოგვიწევს" - თქვა დღეს ღარიბაშვილმა ლაგოდეხში.