"არ მოსწონთ სხვისი გაკეთებული კარგი საქმეები" - შეზღუდვების კანონპროექტი და მმართველი გუნდის ბრალდებები ოპოზიციას

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას პარლამენტის სხდომებზე დასწრებისა და ყველა საკითხის განხილვაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. არჩილ თალაკვაძემ ოპონენტებს დღეს ბიუროს სხდომაზე მიმართა და ისინი სპეკულაციებში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. 

თალაკვაძემ ოპონენტებთან "პოლიტიკური ღირებულებების განსხვავებაზე" ისაუბრა და განმარტა, რომ მმართველი გუნდი პოლიტიკურ დისკუსიას პოლიტიკურ პროცესად აღიქვამს, ხოლო ოპოზიცია დესტრუქციის შედეგად.

მესმის, რომ მათ არ მოსწონთ სხვისი გაკეთებული კარგი საქმეები და წარმატებები. ის, ვინც რადიკალურად შორს არის ამ მიდგომებისგან, ვფიქრობ, დაკარგავს თავის პოლიტიკურ ადგილს მომავალში, - განაცხადა თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლისას.

შეზღუდვებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას, უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციას ბრალდებები წაუყენა და თქვა, რომ მათ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაშლა სურთ.

„ნაციონალური მოძრაობის" კლასტერს, სადაც უპირატესობა ბოლო პერიოდში „ევროპულმა საქართველომ" მოიპოვა, რეალურად უნდა, რომ გაგრძელდეს საგანგებო მდგომაროება, - ამბობს ვოლსკი.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტში ცვლილებები დღეს მეორე მოსმენით განიხილება და სავარაუდოდ, მესამე მოსმენით ცვლილებები დამტკიცდება. ეს კი მთავრობას აძლევს საშუალებას, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე გარკვეული შეზღუდვები დააწესოს, თუმცა არა განუსაზღვრელი ვადით. 

კანონი, დამტკიცების შემდეგ, სავარაუდოდ, ივნისის შუა რიცხვებამდე იმოქმედებს, კონკრეტული თარიღი კი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი