ირაკლი ღარიბაშვილი ამჯერად კახელებს უყვება ოპოზიციის "საბოტაჟისა" და "დესტრუქციის" შესახებ და ოპონენტებს ქვეყნის რეპუტაციის დაზიანებაში ადანაშაულებს. ღარიბაშვილი ე.წ. ხელოვნურ პოლიტიკურ კრიზისად მოიხსენიებს 6 თვის წინანდელ მოვლენებს:
"ჩვენი ოპონენტები ჯერ კიდევ უტიფრად აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის საბოტაჟს და დესტრუქციას. ასეთი მძიმე მემკვიდრეობის შემქმნელებისგან ჯერ კიდევ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს ამ დესტრუქციასთან გამკლავება და საბოტაჟის რეჟიმში ამყოფებენ მთელს ქვეყანას. ჩვენ ეს ვიხილეთ სულ რაღაც 6 თვის წინ, როდესაც მთელი ქვეყნის რეპუტაცია დააზიანეს მთელს მსოფლიოში, როდესაც გამოაცხადეს, ე.წ. ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი და ქვეყანა შეჰყავდათ დამატებით კრიზისში, იმ ფონზე, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მძვინვარებდა და მძვინვარებს პანდემია." ამბობს პრემიერი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ სიღნაღის მერობის კანდიდატის, მალხაზ ბეგიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე.
შეგახსენებთ,"ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს წარადგენს. კამპანიას ღარიბაშვილი უდგას სათავეში. მისი საუბრის ძირითადი თემა ამომრჩევლებთან ისევ წინა ხელისუფლება, მისი დადანაშაულება აგვისტოს ომში, მუქარა და ოპოზიციის ლანძღვაა.