ქვეყნის ერთ ერთი მთავარი კარდიოლოგიური კლინიკა კრიზისშია. ჯანდაცვის სამინისტრო საავადმყოფოებს გაწეული მომსახურების საფასურს არ უხდის. ექიმებისთვის წინასაახალწლოდ ხელფასის მისაცემად კლინიკა გულის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა კრედიტი ბანკიდან აეღო. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების გამო საავადმყოფოში გეგმიური ოპერაციები შეჩერებულია. ბიუჯეტს კლინიკებისთვის დავალიანება ივნისის შემდეგ არ დაუფარავს.
ჯანდაცვის მინისტრმა პოსტზე დანიშვნის შემდეგ საავადმყოფოების შავი სია შეადგინა, ახლა მინისტრი ამ კლინიკებს კუთვნილ ფულს არ აძლევს და გაკოტრების პირას მიჰყავს. ამ შურისძიების შედეგად კი ყველაზე მეტად პაციენტები ზარალდებიან, რომლებიც სათანადო მომსახურებას ვეღარ იღებენ.
კრიზისის წინაშე აღმოჩნდა "თბილისის გულის ცენტრი", მენეჯმენტმა სესხი ბანკიდან აიღო. სახელმწიფოს ამ საავადმყოფოს მილიონი ლარი მართებს. თუ მინისტრი ვალებს დროულად არ გაისტუმრებს, "გულის ცენტრს" ერთ თვეში გაჩერება ემუქრება. კლინიკაში საოპერაციო მასალის მარაგი იწურება, რის გამოც კლინიკამ გეგმიური ოპერაციები გადადო.
სახელმწიფომ კრიზისამდე მიიყვანა "ჩაფიძის კლინიკა", საავადმყოფოში თანამედროვე ტექნოლოგიებით ურთულესი გადაუდებელი ოპერაციები შესაძლოა, პაციენტებს ვეღარ გაუკეთონ. ბიუჯეტს აკადემიკოს ჩაფიძის ცენტრის დიდი ვალი აქვს და არც ამბობს, როდის დაფარავს ამ დავალიანებას.
კიდევ უფრო ღრმა კრიზისს კლინიკებში თებერვლიდან ელოდებიან, სამედიცინო დაწესებულებების ნაწილმა უკვე შეადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც, თუკი ჯანდაცვის სამინისტრო დავალიანებებს არ დაფარავს, ექიმებს შეუმცირებენ ან ხელფასს დააკლებენ. ექიმები ხელისუფლების პოლიტიკამ წყობიდან გამოიყვანა და საქართველოს მთავრობა, ცნობილმა ქირურგმა ნოდარ ნოდარ ხმალაძემ ღორებს შეადარა.
ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკების 7 თვის დავალიანება აქვს. დღეს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლებმა "მთავარ არხს" სთხოვეს იმ საავადმყოფოების სია, რომლის მიმართაც დაგროვილი ფინანსური პასუხიმგებლობა აქვთ. დაპირება იყო, რომ კლინიკებს დავალიანება დღეს გადაერიცხებოდა, თუმცა სახელმწიფო ხაზინამ 3 იანვრამდე მუშაობა შეაჩერა, რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმების დიდი ნაწილი ახალ წელს ხელფასის გარეშე შეხვდება. ამ ფონზე კი ბიძინა ივანიშვილის რჩეული სტომატოლოგი მინისტრი დუმს და განმარტებებს არ აკეთებს, როდის გაისტუმრებს ექიმების ვალს.