ზუგდიდის ნომერ 67-ე საარჩევნო ოლქში, ოპოზიციის ხმების გარეშე, ხელახალი პროცედურით, თითოეულ საარჩევნო უბანზე 8 წევრი აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურა ცოტა ხნის წინ დასრულდა. განსახილველი საკითხი, ოლქიდან საარჩევნო უბნებზე დამოუკიდებელი წევრის არჩევა იყო.
პირველი კენჭისყრის პროცედურა ჩაიშალა, ვინაიდან მასში 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ მონაწილეობა არ მიიღო, 2 კი არ დაესწრო.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არჩეული კომისიის კანდიდატების ოჯახის წევრები მერიის თანამშრომლები და "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირები არიან.
"კონკურსანტების უმრავლესობა არიან ქართულ ოცნებასთან აფილირებული, საჯარო მოხელეებისა და ქართული ოცნების პარტიული წევრების ოჯახის წევრები და თვითონ პარტიული ნიშნით აღიარებული ხალხი. აქედან გამომდინარე არ დავუჭირეთ მხარი აღნიშნულ საკითხს",-ამბობენ ოპოზიციაში.
თავად კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ მას კანდიდატების ოჯახის წევრების შესწავლა არ ევალება და გადაწყვეტილებას კანონმდებლობის საფუძველზე იღებს.
"მე არ მევალება ამ განაცხადის მსურველთა ოჯახის წევრების გამოვლენა, მათი გენიოლოგიის მოკვლევა. ჩემთვის მთავარია აპლიკაცია, ის პრიორიტეტები, რაც არის გაწერილი და კანონმდებლობა, რის საფუძველზეც ვაკეთებ არჩევანს",-თქვა მან.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრებენ.
ავტორი: ემა გოგოხია
ამავე თემაზე: