„თავისუფლებას ინკასო არ ედება“, „მედიაზე ზეწოლა სირცხვილია“ - ამ ლოზუნგებით სამოქალაქო აქტივისტებმა დღეს „ტვ პირველს“ და ტელეკომპანია „კავკასიას“ სოლიდარობა გამოუცხადეს. ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი ორი ტელევიზია ბიძინა ივანიშვილის გუნდის სამიზნე გახდა.
უკვე მეორე დღეა, „კავკასიას“ და „ტვ პირველს“ ინკასო ადევს და დაბლოკილი აქვთ წვდომა საბანკო ანგარიშებზე. ხელისუფლებამ „ტვ პირველსა“ და ტელეკომპანია „კავკასიას“ ინკასო მაშინ დაადო, როდესაც პროსახელისუფლებო არხებს ბიუჯეტის 55 მილიონი ვალი აქვთ, ამ ფონზე კი ამ ორი დამოუკიდებელი ტელევიზიის დავალიანება ზღვაში წვეთია.
ინგა გრიგოლიაც და ნინო ჯანგირაშვილიც დარწმუნებულები არიან, რომ ეს ზეწოლის ერთ-ერთ ფორმაა, რომელსაც მთავრობა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ იყენებს.
რატომ დაედო ინკასო „ტვ პირველთან“ და „კავკასიასთან“ ერთად „რუსთავი2“-ს, ამაზე ნინო ჯანგირაშვილის პოზიციას იზიარებს ნიკა გვარამია. „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი დღეს „კავკასიასთან“ მივიდა და კრიტიკულ ტელეკომპანიებს სოლიდარობა გამოუცხადა. ნიკა გვარამია ინკასოს დადებაში მხოლოდ პოლიტიკურ მოტივს ხედავს.
„ტვ პირველი“ და „კავკასია“ ამ დროისთვის ვერანაირ ფინანსურ ოპერაციებს ვეღარ ასრულებენ. ეს კი პატარა ტელევიზიისთვის გაჩერების ტოლფასია. ამბობენ, რომ მაუწყებლობას არ შეწყვეტენ. სადამსჯელო ღონისძიება კრიტიკული ტელევიზიების მიმართ დღეს თავის თავზე აიღო ფინანსთა მინისტრმა.
„კავკასიისა“ და „ტვ პირველის“ მხარდასაჭერად დღეს პოლიტიკოსებიც იდგნენ. ხელისუფლების ოპონენტებმა ფინანსთა სამინისტროს სადამსჯელო ქმედება, რუსული მეთოდებით ბრძოლას შეადარეს.
ფინანსთა მინისტრი ინკასოდადებული ტელევიზიების ხელმძღვანელებს ხვალ სამინისტროში შეხვდება. სწორედ ამ შეხვედრაზე გაირკვევა, როდის მოიხსნება ფინანსური შეზღუდვები „ტვ პირველისა“ და „კავკასიისთვის“.