შეთანხმება ბელარუსის კგბ-სთან - სუს-ი პირველ განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურთან გაფორმებული შეთანხმების შესახებ სუს-ი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მსგავსი ტიპის შეთანხმება გაფორმებულია ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებთანაც.

უწყების მტკიცებით, ხელშეკრულება არ ავალდებულებს მხარეებს განახორციელონ ქმედება, რაც ეწინააღმდეგება მხარეთა სახელმწიფო ინტერესებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2016 წელს გაფორმდა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაბამის ვადებში გადაიდგა ყველა  ნაბიჯი დოკუმენტის ძალაში შესვლისათვის, ხოლო ბელარუსის რესპუბლიკამ 2016 წელს გაფორმებული დოკუმენტი მიმდინარე წლის აგვისტოში აამოქმედა რის შესახებაც ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადა მედიის საშუალებით.
შეთანხმება  მიზნად  ისახავს  მხარეებს  შორის  თანამშრომლობას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.
სახელმწიფო თავისი ინტერესების შესაბამისად ნებაყოფლობით ცვლის ინფორმაციას დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. შესაბამისად ეს ხელშეკრულება არ ავალდებულებს მხარეებს განახორციელონ ქმედება რაც ეწინააღმდეგება მხარეთა სახელმწიფო ინტერესებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მსგავსი ტიპის სამართალდაცვითი თანამშრომლობა გააჩნია არაერთ პარტნიორ ქვეყანასთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აშშ-სთან, ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, ლიეტუვასთან და ნატოსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან.  
აღნიშნული საკითხის გარშემო დაწყებული დეზინფორმაციული კამპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაცია. ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციის პროცესში   საერთაშორისო შეთანხმებების გამოყენება წარმოადგენს განსაკუთრებული შეშფოთების საგანს, რადგან შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს- ნათქვამია ლილუაშვილის უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, 2016 წელს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ბელარუსის KGB-ს შორის ხელმოწერილი დოკუმენტი ძალაში  შევიდა.

ექსპერტები და პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ხელშეკრულება საფრთხისშემცველია იმ ბელარუსელი აქტივისტებისთვის, რომლებიც რეჟიმს გამოექცნენ და საქართველოს შეაფარეს თავი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი