"როგორც ჩანს, ვერ პოულობენ ადამიანებს, რომ ყოფილიყვნენ მათი კანდიდატები. ბოლოს მოუწიათ საკუთარ ოჯახსა და პარლამენტის წევრებში, ასეთი კანდიდატების მოძიება" - ასე გამომეხმაურა "ქართული ოცნების" ლიდერი, შალვა პაპუაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატებს.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტია არა არჩევნებისთვის, არამედ შემდგომი არეულობისთვის ემზადება.
"როგორც ჩანს, ვერ პოულობენ და ვერ ითანხმებდნენ ადამიანებს იმისთვის, რომ ყოფილიყვნენ მათი კანდიდატები. ბოლოს მოუწიათ საკუთარ ოჯახსა და პარლამენტის წევრებში, ასეთი კანდიდატების მოძიება. ეს ერთ რამეზე მიგვითითებს მხოლოდ, რომ ოპოზიცია არ ემზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მათ არ აქვთ არანაირი პროგრამა, რასაც ვხედავთ, არ იციან და არ იცნობენ, რა საჭიროებებია ადგილზე, ადგილობრივი თვითმმართველობიდან გამომდინარე.
შესაბამისად, ისინი ემზადებიან არა 2 ოქტომბრისთვის და არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრისთვის, არჩევნების მეორე დღისთვის, რომ კვლავ მოაწყონ არეულობა და ერთადერთი დაპირება, რასაც ვაკვირდებით, რასაც ისინი გასცემენ, ეს არის არეულობა არჩევნების შემდეგ",-თქვა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის გარდა, "ოცნებიდან" ნინო წილოსანიც ფიქრობს, რომ ენმ "შინაარსისგან დაიცალა".
15 აგვისტოს "ნაციონალურმა მოძრაობამ" რეგიონებში მერობის საკუთარი კანდიდატები წარადგინა. ზუგდიდში, ენმ-ის მერობის კანდიდატი ანზორ მელია იქნება.