ქაბულში ამ დრომდე საქართველოს 20-ზე მეტი მოქალაქე რჩება. მათი გამოყვანა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, რადგან აეროპორტამდე მისვლა ვერ შეძლეს, სწორედ ამიტომ უკრაინული ბორტი, მათ გარეშე გამოფრინდა.
"ველოდებით ევაკუაციას ამ ბაზიდან, რომელზეც ვართ განლაგებული. დანარჩენი 6 კაცი უკვე აეროპორტშია და გველოდება ჩვენ, მაგრამ ჩენ ვერ გეტყვით, როდის მოხდება ჩვენი აეროპორტში გადაყვანა. არანაირი სიახლე არ არის, საქართველოს მთავრობისგან გვაქვს მხარდაჭერა, თვითმფრინავსაც გვიგზავნიან, ფრენის პრობლემაც არ არის, უბრალოდ პრობლემაა, რომ ჩვენ ვერ გადავდივართ აეროპორტში. ყოველ წუთას იცვლება ყველაფერი, უპროგნოზო სიტუაციაა, ვერ განვსაზვრღავთ",-თქვა ქაბულში მყოფმა ქართველმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, რომელიც უწყებამ გუშინ გააკეთა, თურქულ მხარესთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და საქართველოს მოქალაქეებს, აეროპორტში დაჯავშნული ავტომობილებით მიიყვანენ, საიდანაც სამშობლოში გამოფრინდებიან, თუმცა როდის შესრულდება რეისი ავღანეთის დედაქალაქიდან გაურკვეველია.
როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ქაბულიდან გამომგზავრებას, ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ უწყებებს დამატებითი განცხადება არ გაუვრცელებიათ.
15 აგვისტოს, თალიბანი ქაბულში შეიჭრა და პრეზიდენტის სასახლე დაიკავა. მანამდე ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.