საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოსაყვანად საქართველოდან თვითმფრინავი ჩაფრინდება:
საქართველოს მთავრობა გააგზავნის ცალკე ბორტს მათ წამოსაყვანად, ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს და ჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულში და უზრუნველჰყოფს მათ ჩამოყვანას ჩვენი ბორტით - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
მისივე ინფორმაციით, ქაბულში მყოფმა ქართველებმა ვერ მოახერხეს აეროპორტამდე მისვლა, რის გამოც ისინი უკრაინულ ბორტზე ვერ მოხვდნენ, გარდა ამისა, ღამის განმავლობაში შესრულდა 4 რეისი, თუმცა ამავე მიზეზით, საქართველოს მოქალაქეები ბორტზე ვერ მოხვდნენ.
მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, პარტნიორ ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ავღანეთში ქართული ბორტის გაფრენის ნებართვებზე, გარდა ამისა, თურქულმა მხარემ გამოთქვა დახმარების მზადყოფნა. კერძოდ, ჯავშნიანი მანქანებით აეროპორტამდე საქართველოს მოქალაქეებს ისინი მიიყვანენ.
"ჩვენ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდა საუბარი, მათი მხრიდან არის ასევე დასტური, რომ მათი გამოყვანა მოხერხდება, თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან, რამდენიმე რეისი არის კიდევ დაგეგმილი. მათ სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს ღამის განმავლობაში მოსვლა იმის გამო, რომ ქაბულში მდგომარეობა იყო დაძაბული, ამიტომ არჩიეს, რომ დარჩენილიყვნენ ბაზაზე. ახლა ვმუშაობთ მათი ბაზიდან ქაბულის აეროპორტში გადასაყვანად.
თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა მზაობა, რომ ისინი ჯავშნიანი მანქანებით მიიყვანონ ქაბულის აეროპორტში, ახლა მიმდინარეობს ეს ოპერაცია და უახლოეს მომავალში იმედია ისინი ქაბულის აეროპორტში იქნებიან მიყვანილი, საიდანაც ჩვენი პარტნიორები უზრუნვეყოფენ მათ საქართველოში ჩამოყვანას", - განაცხადა ხვთისიაშვილმა.