საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის მეუღლის უვადო მოსამართლედ არჩევას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები კრიტიკულად ეხმაურებიან. მოსამართლეობის მსურველებს შორის ერთ-ერთი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლე ნინო მამულაშვილია.
არამოსამართლე წევრებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესარჩევი კომისიის დამოუკიდებლობის მიმართ კითხვები უჩნდებათ.
ნაზი ჯანეზაშვილის განმარტებით, სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და გადაწყვეტილებებს გავლენიანი ჯგუფები იღებენ. სწორედ ამიტომ, არამოსამართლე წევრი ეჭვობს, რომ მოსამართლის უვადოდ გამწესება, შესაძლოა, კვალიფიკაციის მიხედვით არ მოხდეს.
სასამართლო სისტემაში არის გავლენიანი ჯგუფი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს მოსამართლის დანიშვნასთან თუ არ დანიშვნასთან დაკავშირებით და საქმე როდესაც ეხება პარლამენტის წევრის მეუღლის დანიშვნას, კითხვები, ეჭვები, რომ რამდენად დამოუკიდებელია საბჭო ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას და რამდენად მართლაც კანდიდატის კვალიფიკაციაზე დაყრდნობით იღებს ამ გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, ეს კითხვები მძაფრდება, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
სასამართლო სისტემა რომ გავლენიანი ჯგუფის ინტერესების შესაბამისად იმართება, ამაზე საუბრობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი. ანა დოლიძის შეფასებით, სასამართლოს კლასტერი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველა ღონეს მიმართავს.
კლანსტერი, რომელიც მართავს საქართველოს სასამართლო სისტემას, აგრძელებს ჩვენი სასამართლოების თვითნებურად და მხოლოდ იმ მიზნით, რომ თვითონ შეინარჩუნოს ძალაუფლება, ამას უკავშირდება გაუთავებელი შიდა დანიშვნები, ამას უკავშირდება, რომ არ ტარდება კონკურსები, - განაცხადა ანა დოლიძემ.
არამოსამართლე წევრების კრიტიკა მიუღებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისთვის. გიორგი მიქაუტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მეუღლის უვადო მოსამართლედ შესაძლო დანიშვნის თემის წინ წამოწევას სპეკულაციად და სიცრუედ აფასებს.
დღევანდელ დღეს ამ საკითხის წამოწევა არის მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაცია, ტყუილი, სიცრუე და პირდაპირ დაკავშირებულია მცდელობასთან, რომ პოლიტიკა შემოიტანონ უმაღლესი საბჭოს მუშაობის დღის წესრიგში, - განაცხადა მიქაუტაძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის არის 2017 წელს თანამდებობაზე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეებთან გასაუბრება და მათი უვადოდ დასანიშნად, კენჭისყრის ჩატარება.
უზენაეს სასამართლოში მოხვედრის სურვილი სულ ცამეტმა მოსამართლემ გამოთქვა.