ჩვენი ოპონენტები რატომღაც ცდილობენ ამ საკითხის პიროვნულ დაპირისპირებაში გადაყვანას. ცოტა ხეპრული განცხადებებიც იყო ამასთან დაკავშირებით, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
ფაქტია, რომ თუკი რაიმე შეთანხმებაზე მივალთ და საზოგადოებისთვის საუკეთესო ვარიანტს მივიღებთ გადაწყვეტილების, იქნება კარგი. [გახარია] პარლამენტს მასკარადს არ უწოდებს, იგი გარკვეულ მასკარადულ პროცესებს უწოდებს იმას რაც ჩვენს ოპონენტებს ახასიათებს. მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ რბილი შეფასებაა, - აცხადებს ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ 79 ხმით არცერთის წინააღმდეგ, პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონს მეორე მოსმენითაც მხარი დაუჭირა.
კანონპროექტი მთავრობას შეზღუდვების საგანგებო მდგომარეობის გარეშე დაწესების უფლებას აძლევს და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, მიზეზად კი კორონავირუსის გავრცელების საშიშროებას ასახელებს.
დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობას ექნება უფლება, შეზღუდოს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება, პირთა მიმოსვლის უფლება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა..
ოპოზიცია კანონპროექტს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანასაც გეგმავენ.