თუ მართლა გადმოგვეცა ეს ტყე, ფაქტობრივად, დავალებას გვაძლევენ, რომ ტყის მცველები ვიყოთ, - ეს განცხადება ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა გააკეთა.
მიტროპოლიტი ტყის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფომ ეკლესიისთვის ტყის რესურსის გადაცემა დააკანონა.
მისი შეფასებით, ეკლესიებისთვის ტყის გადაცემა მხოლოდ იმას ემსახურება, რომ სასულიერო პირებმა ის შეინარჩუნონ და გაჩეხვისგან გადაარჩინონ. მისივე თქმით, მართლმადიდებელი სასულიერო პირები პრივილეგიებით არ სარგებლობენ.
საქართველოში 95 % მოსახლეობის თავს თვლის მართლმადიდებელად და უმცირესობა როგორ დაიცავს უმრავლესობის ქონებას? ეს არის სახელმწიფოს, ეს არის ეროვნული ქონება, - ამბობს მიტროპოლიტი.
მეუფე ნიკოლოზი გამორიცხავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ეკლესიებისთვის ტყეების დაკანონება წინასაარჩევნო პროცესს უკავშირდებოდეს.
წინასაარჩევნოდ თუ ვინმეს უნდა, რომ ვინმეს გული მოიგოს, რაღაც ისეთი უნდა აჩუქოს, რასაც გამოიყენებს და ტყე რაში უნდა გამოიყენო, მარტო იმაში, რომ არ გააჩეხინო ვიღაცას, - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
მიტროპოლიტი არ გამორიცხავს, რომ ტყის კოდექსის მიღებამდე, საპატრიარქოსთან კონსულტაციები გაიმართა, თუმცა არ აკონკრეტებს მოლაპარაკებაში მონაწილე შესაძლო მხარეებს. მეუფის თქმით, მოსახლეობას ტყის გაჩეხვის საშუალებას აღარ მისცემენ.
პირობას გაძლევთ, რომ ეკლესია, არც სასულიერო პირი არ მეგულება ასეთი ბარბაროსი არავინ, რომ ტყე მიიღოს, გაჩეხოს და აღარ იყოს ტყე, ასეთი რამე არ იქნება. ასე, რომ თუ ტყე გადაეცემა მთლიანად ეკლესიას, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ტყე შენარჩუნდება და ექნება ყველას და არც ტყეში შესვლას არავინ აუკრძალავს... რა თქმა უნდა, არსებობს შემთხვევები, რომ ტყეს იპარავენ, ჩეხავენ, უკანონოდ გამოაქვთ და ვინც ამას აკეთებს, რა თქმა უნდა, არ დარჩება კმაყოფილი, იმიტომ, რომ მე რომ მეხებოდეს ტყის ამბავი, არ გამოვატანინებ, არ გავაჩეხინებ, - ამბობს მიტროპოლიტი.
პარლამენტში დღეს დაამტკიცეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მართლმადიდებელ ეკლესიას საშუალება მიეცა, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს.