ამერიკელი გენერალი „ქართულ ოცნებას“ უპირისპირდება. შეერთებული შტატების ევროპული ძალების ყოფილი სარდალი დაბეჯითებით ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას დაუბრუნდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას.
გენერალი ბენ ჰოჯისი „მთავარ არხთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ადასტურებს, რომ დასავლეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ანაკლიის პორტის თემა ისევ დღის წესრიგში ბრუნდება.
ბენ ჰოჯისის თქმით, პორტის პროექტის განსახორციელებლად, ამერიკულ მხარეს გარანტიები სჭირდება.
ანაკლიის პორტის პროექტის განსახორციელებლად ამერიკულმა მხარემ ინვესტიციები განახორციელა და დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სამართლებრივი პრობლემები არ შეიქმნება.
აშშ-მ განახორციელა ინვესტიციები, მაგრამ ამერიკული მხარე დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სამართლებრივი საკითხები და გამჭვირვალობა დაცული იქნება; რომ მთავრობა ერთ დღეს არ დახურავს ამ პროექტს და კონსორციუმს ყალბ თემებს არ მოუგონებს, - აცხადებს ბენ ჰოჯისი.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა რომ რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ამას ამერიკელი გენერალი ხაზგასმით ამბობს.
რუსეთს არ უნდა საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტი, რადგან შავ ზღვაზე თავად მუშაობს. მას ურჩევნია ჩინური ტვირთებიანი კონტეინერები საქართველოს ნაცვლად თავად მიიღოს. კრემლს სურს, საქართველოში იყოს მეორეხარისხოვანი პორტები, ვიდრე ღრმაწყლოვანი ნავსადგური, სადაც გერმანული, დანიური, ბრიტანული და ამერიკული ინვესტიციები იქნება. მხოლოდ ქართველი ხალხის სიყვარულისა და პატივისცემის გამო დასავლურ ინვესტიციებს ქვეყანაში არავინ ჩადებს. თუკი ეს ქვეყნები თქვენთან ფულს არ დააბანდებენ, რომელიც დაცვას საჭიროებს, შესაბამისად, მათ არ ექნებათ რისკები. ამიტომ, დასავლეთ ევროპის ქვეყნები დიდ ყურადღებას არ აქცევენ საქართველოს უსაფრთხოებას, ბორდერიზაციას და ეს არის სწორედ ის, რაც რუსეთს უნდა, - აცხადებს ბენ ჰოჯისი.