ბავშვების ნაცვლად მღვდლებისთვის დახარჯული მილიონები. "ქართული ოცნების" ხელისუფლება 23 მილიონს ხარჯავს ეკლესიების გარშემო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. სულ საუბარია ექვს პროექტზე, რომლებსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ექვსივე ეკლესია-მონასტრამდე გზების დაგებას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სხვა სამუშაოების განხორციელებას გულისხმობს. ექსპერტებმა დათვალეს, რომ ამ თანხით ხელისუფლება მინიმუმ ათი დიდი სკოლისა და კიდევ უფრო მეტი საბავშვო ბაღის აშენებს შეძლებდა.
სახელმწიფო მხოლოდ ბოდბის მონასტრის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის სამ მილიონ ლარს ხარჯავს, თანხა გათვალისწინებულია მონასტრის პარკირებისთვის. ასევე სამკილომეტრიანი გზა უნდა დაიგოს მონასტრიდან წმინდა ნინოს წყარომდე. ეს არის ამ ეპარქიაში მთავარი ტურისტული მარშრუტი, რომელზეც ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი ხშირად გადაადგილდება. საერთო ჯამში კი სახელმწიფოს მხრიდან გათვალისწინებული თანხა რომ შევადაროთ, დაახლოებით 150 მოზარდზე გათვლილი სკოლის შენობის აშენებას გაწვდებოდა, თუმცა თანაინვესტირების ფონდმა ამჯობინა რომ საარჩევნო წელს, ეკლესიის გული მოეგო.
შემდეგი რელიგიური ობიექტი კაცხის სვეტია. მუნიციპალური განვითარების ფონდი მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს კაცხის სვეტის კეთილმოწყობისთვის, ამავე პროექტის ნაწილი იყო კაცხის მამათა მონასტრისთვის წყლის რეზერვუარის მოწყობა. მშენებლობის პროექტის ვიზუალი საკმაოდ მასშტაბურია და ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციის გარდა სხვა დამხმარე ნაგებობების მშენებლობასაც მოიცავს.
2019 წლის სექტემბერში, გელათის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო. გზისა და საყრდენი კედლის მოწყობა, ამ შემთხვევაში მსოფლიო ბანკის დახმარებით ხორციელდება და საერთო ჯამში, მილიონ 600 ათასი ლარი იხარჯება. თუმცა ეს ყველაფერი არ არის - ფონდმა ამ პროექტის დაწყებამდე ქუთაის-გაენათის ეპარქიაში კულტურული ზონები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა მოაწყო.
ჯავახეთში, კერძოდ კი ფოკას მონასტერში, ერთ სანათლავზე, საეკლესიო მაღაზიისა და სადეგუსტაციო სივრცისთვის სამ მილიონ ლარს ხარჯავს. ფოკის დედათა მონასტრის სიახლოვეს, ფარავნის ტბაში უნდა მოეწყოს სანათლავი და მუნიციპალური ფონდი თვლის, რომ ფარავნის ტბის ნაპირისა და წმინდა ნინოს ტაძართან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ტურისტულ პოტენციალსა და ადგილობრივების სოციალურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
კვლევა მუნიციპალური ფონდის ხარჯებთან დაკავშირებით, რადიო თავისუფლებამ მოამზადა. აქ ჩამოთვლილი რელიგიური დაწესებულების ირგვლივ განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჯამი 23 მილიონს უახლოვდება. ამ თანხიდან უნდა ითქვას, რომ ნაწილი უცხოური კრედიტია, რომელსაც სახელმწიფო ვალის სახით იღებს, მისი გადახდა კი ყველა ჩვენგანს ბევრი წლის განმავლობაში მოუწევს.