ეკლესიები ტყის მფლობელები ხდებიან - ოპოზიცია "ოცნების" წინასაარჩევნო ნაბიჯებზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

ეკლესია-მონასტრები ტყის მასივის მფლობელები ხდებიან - 20 ჰექტარი ტერიტორია პარლამენტმა უკვე დაუკანონა. მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამას პრივილეგიად არ მიიჩნევს და არც არჩევნებს უკავშირებს და ამბობს, რომ მათ პასუხისმგებლობა ეზრდებათ. 

ტყის მასივის გადაცემას მხოლოდ მისი გადარჩენის მოტივით ხსნიან სხვა სასულიერო პირები. მეუფე გერასიმე დარწმუნებულია, რომ ხეები აღარ გაიჩეხება. მეუფე გრიგოლ კაცია კი ამბობს, რომ ჯერ არ იცის, რა დანიშნულებით გამოიყენებს დაკანონებულ 20 ჰექტარს.

სასულიერო პირებისგან განსხვავებით, ტყის ახალ კოდექსში საფრთხეს ხედავენ ამ თემაზე მომუშავე არასამთვრობო ორგანიზაციები. მათი განმარტებით, ეკლესია-მონატრებისთვის გადაცემულ ტყის მასივზე სახელმწიფო კონტროლს კარგავს და ის უკვე საპატრიარქოს საკუთრება ხდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სხვა კონფესიებთან შედარებით ის პრივილეგირებულია. არასამთავრობოებმა ამ ცვლილებებში მორიგი გარიგება ამოიკითხეს.

სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ საპატრიარქო ექსკლუზიური უფლებებით სარგებლობს. ამბობენ, რომ არსად არ არის ჩანაწერი, რომელიც საპატრიარქოს რაიმე სამართლებრივ ბერკეტს დაუწესებს, რომლითაც ისინი ვერ შეძლებენ ტერიტორიების გასხვისებას.

პარლამენტმა დღეს ტყის ახალი კოდექსი, რომელიც თავის მხრივ 20-ზე მეტ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს, 79 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღო. ამ ცვლილებებში პრობლემას ვერ ხედავს უმრავლესობა.

ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ ეს წინასაარჩევნოდ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯია, ეკლესიის მხრიდან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

კოდექსი სახელმწიფოს წინააღმდეგ სამოქალაქო სექტორის სასამართლოში დავის კიდევ ერთი ახალი საფუძველი ხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი