საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი ხვალიდან უქმდება, თუმცა შეზღუდვები რჩება

გამოქვეყნდა:

საქართველო ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ბოლო კომენდანტის საათმა ათვლა უკვე დაიწყო, თუმცა ღამის 12 საათიდან ძალაში ახალი წესები შევა.

ხვალიდან მხოლოდ შეზღუდვების ნაწილი იმოქმედებს. პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი იმ შეზღუდვებზე საუბრობს, რომელიც 23 მაისიდან ძალაში იქნება.

ძალაშია შემდეგი შეზღუდვები: რესტორანში, ბარში თუ კაფეში მომხმარელების ადგილზე კვებით მომსახურება; ასევე სასტუმროების ფუნქციონირება, გარდა საკარანტინო ზონებისა; ტანსაცმლითა და ფეხაცმლით ვაჭრობა არის კვლავ შეზრუდული, გარდა ონლაინ ვაჭრობისა; ასევე შეზღუდული რჩება ე.წ მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ. შეზღუდულია სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებების ჩატარება. აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული ფორმით. სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლავაც დისტანციურად განხორციელდება, - ამბობს ჩიქოვანი.

ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება.

ამ ეტაპზე შეზღუდვები შენარჩუნდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე, - აცხადებს ჩიქოვანი.

ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, დახურულ სივრცეებში, მათ შორის სავაჭრო ობიექტებზე, პირბადით გადაადგილება სავალდებული იქნება.

უქმდება ავტომობილებში სამკაციანი შეზღუდვა და ეს შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ტაქსით მომსახურეობის დროს. ასევე, ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებული იქნება, გამოიყენოს პირბადე. ასევე უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ ვინაიდან ეს ადამიანები მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, ჩვენ მივმართავთ მათ რეკომენდაციით, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა, სახლიდან არ გავიდნენ და დარჩნენ შინ", - განაცხადა ჩიქოვანმა.

პრემიერის მრჩევლის თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კარანტინი გაუქმებულია, საკარანტინე ზონებად კი სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა რჩება.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან დაწესდა. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი