"სომხეთის ანტიეპიდემიოლოგიური სისტემა საქართველოზე ძლიერია, ეს ფაქტია", - ეს განცხადება სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.
არსენ ტორისიანმა arminfo.info-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებულ ტესტებთან დაკავშირებით კითხვები აქვს.
მინისტრმა პაციენტების გამოკვლევების მეთოდოლოგიაზე საუბრისას გამოყო ის მთავარი კითხვები, რაც საქართველოში კოვიდ ეპიდემიის კუთხით აქვს. ტორისიანი დაინტერესებულია, საქართველოში ყველა პაციენტს PCR ტესტებით იკვლევენ თუ სწრაფი ტესტებით, რომელსაც სომხეთში სიზუსტის დაბალი მაჩვენებლის გამო არ იყენებენ.
ტორისიანს ასევე აინტერესებს, უტარდებათ თუ არა ტესტირება იმ პირებს, ვისაც ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვთ, ან მონაცემებში თუ არიან ასახული ის პირები, ვინც პნევმონიისგან გარდაიცვალნენ.
მინისტრმა იმის საჩვენებლად, რომ საქართველოს მონაცემები საეჭვოა, მაგალითად სომხეთში შესული მძღოლები მოიშველია, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. აქედან გამომდინარე, მინისტრს აეჭვებს ის ფაქტი, რომ საქართველოში დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ან ორი ფაქტი ფიქსირდება და აინტერესებს, ხდება თუ არა ყველა ინფიცირებულის გამოვლენა.
სომხეთში ახალი კორონავირუსის 5928 შემთხვევა არის დადასტურებული. მათგან 2874 პაციენტი განიკურნა, 74 კი გარდაიცვალა.