ორი ადამიანის მიკერძოებული აზრი - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი ხელაშვილი აშშ-ს ყოფილი ელჩის, იან კელისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დევიდ კრამერის წერილს „ფორინ პოლისში“.
ხელაშვილისთვის წერილში წარმოდგენილი პოზიცია გაუგებარია.
„გულდასაწყვეტია, რომ ორი ადამიანი, რომელიც თავს საქართველოს მეგობრებად თვლიან, ასეთ მიკერძოებულ სტატიას წერენ. სტატია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს იმიტომ, რომ მასში ცალკეული ფაქტები კონტექსტიდან ამოღებულია ან არასწორი ინტერპრეტაციითაა. ასეთია გავრილოვის შემთხვევა, ანაკლიის თემა - დაახლოებით 7-8 ფაქტია მოცემული, რომელიც არანაირ კავშირში არაა სიმართლესთან და შემდეგ ამ ფაქტებისგანაა გამოყვანილი, რომ ვითომ საქართველომ ზურგი აქცია დასავლეთს და მიდის რუსეთის ორბიტაზე. ეს არის სრულიად გაუგებარი პოზიცია და არანაირ პასუხს არ დაიმსახურებდა რომ არა ის, რომ საქართველოს მეგობრად წარმოჩენილი ორი ადამიანი წერს ამას. თან დაიბეჭდა ისეთ ავტორიტეტულ ჟურნალში, როგორიცაა „ფორინ პოლისი" - ამბობს ხელაშვილი.
"საქართველო ზურგს აქცევს დასავლეთს... " - საუბარია კელისა და კრამერის ერთობლივ წერილში.