შანტაჟი და დისკრედიტაცია ის იარაღია, რომელსაც მმართველი პარტია შეუპოვარი ოპონენტების წინააღმდეგ მუდმივად იყენებს. ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წლებში ამ დანაშაულებრივი ქმედებების არაფორმალური ნებართვა თავად ბიძინა ივანიშვილმა გასცა - როდესაც თავს უფლება მისცა საჯაროდ ეჭორავა პოლიტიკოსებზე.
მას შემდეგ პირადი ცხოვრებით შანტაჟი ქართული ოცნების ხელწერად იქცა, თუმცა საქართველოში არსებობს არაერთი მაგალითი, როდესაც ამ იარაღმა ვერ იმოქმედა.
ეკა ბესელია ის გამონაკლისი აღმოჩნდა, ვინც უბინძურეს შანტაჟსაც გაუძლო და პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებამ ხელი ვერ ააღებინა საკუთარ პრინციპულ პოზიციებზე.
თემირლანის საწოლში ვითომ ნაპოვნი ხელყუმბარა სუს-მა ისე გაანადგურა, თვალით არვის უნახავს. სამაგიეროდ ინტერნეტში ყველამ ნახა ხელისუფლების მეირ მართული ტროლების მასირებული ჭორაობა გარდაცვლილი ბიჭის ტერორისტებთან კავშირზე.
წარმატებით შეუტია ოცნების ინტერნეტ ფრონტმა კიდევ ერთ შვილმკვდარ მამას - ზაზა სარალიძეს.
ფსიქიკურად არამდგრადი, ოჯახური ძალადობისკენ მიდრეკილი, შემაკავებელი ორდერები - ამ ეპითეტებით კი ხელისუფლების ტროლებმა კიდევ ერთი შვილმკვდარი მამის დისკრედიტაცია დაიწყეს, პარალელურად არც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის გიჟად გამოცხადება ითაკილეს.
გასული წლის ზაფხულში დაკარგული ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის შესახებ მწყემსმა უაპელაციოდ ის ნასვამად გამოაცხადა და დაასკვნა რომ კლდიდან მდინარეში გადავარდა...
ლექსო ლაშქარავს სიკვდილიდან სულ ორიოდე საათში კი ფონიჭალაში მისი გადაადგილების მასალა გაავრცელა და დაასკვნა რომ ნარკომანი...
და მაინც რამ მოკლა ლექსო - ექსპერტიზას პასუხი თვენახევრის შემდეგაც კი არ აქვს.