"ქართულმა ოცნებამ" არჩევნების წინ ნეპოტიზმისა და უკანონო დანიშვნების კიდევ ერთი ანტირეკორდი მოხსნა. გლდანის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადადგა, თუმცა მდივნად მისი ცოლი აირჩიეს. ჭაბუკა ჭაბუკიანი ახლა ცაგერში ოცნების სიით აპირებს კენჭის ყრას, ცოლი კი კომისიის მდივნობას - თუმცა საეჭვო გადაადგილების შესახებ განმარტებების გაკეთებას საჭიროდ არ თვლიან.
ჭაბუკა ჭაბუკიანის ადგილი გლდანის საარჩევნო კომისიაში ხატია ლაჩაშვილმა დაიკავა, რომელიც საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბესიკ ლაჩაშვილის შვილია.
კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიაში, თამილა რობაქიძე ვაკის ოლქის თავმჯდომარის, თამაზ ფოლადაშვილის ცოლია.
ჩუღურეთის #7 საოლქო საარჩევნო კომისიაშია - ელისო ნიკოლაშვილი ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ფიქრია ნიკოლაშვილის და.
ნაძალადევის მეცხრე საოლქო საარჩევნო კომისიაშია ბეჟან ბადაშვილი, ნაძალადევის გამგეობის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მაია ბადაშვილის შვილი.
სიღნაღის მე-13 საოლქო საარჩევნო კომისიაშია - ცირა შანშაშვილი - „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრის შვილი.
ქარელის 33-ე საოლქო საარჩევნო კომისია- თამარ გოჩაშვილი ქარელის პოლიციის უფროსის მოადგილის ლევან ნახუცრიშვილის ცოლი.
კომისიის ოპოზიციონერი წევრები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის სამზადისს იწყებს და იმ ოლქებს, სადაც მათი გამარჯვება საეჭვოა, სანდრო კადრებით აკომპლექტებს.
"ქართული ოცნება" ოპონენტებისგან ნეპოტიზმის ფაქტებისა და უკანონო დანიშვნების დასამტკიცებლად უფრო მყარ არგუმენტებს ითხოვს.
ცესკო-ში აცხადებენ რომ ეს დისკრედიტაციის მცდელობაა და ხელისუფლებას არაფერი აქვს საერთო ამ ცვლილებებთან, რადგან ყველა კანდიდატი არჩეულია ხმათა უმრავლესობით.
კომისიის პრესსამსახურმა გაავრცელა გლდანის საოლქო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ცოლისა და ახალი თავმჯდომარის ოფიციალური კომენტარი, სადაც ისინი საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობენ.