"საარჩევნო პროცესები არ არის რისკის შემცველი" - ამბობს პარტია "ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.
მდინარაძის თქმით, არჩევნების გადადება არ იგეგმება და იმ შემთხვევაში, თუ არსებულ რეგულაციებს ყველა დაიცავს, საარჩევნო პროცესი რისკის შემცველი არ არის.
მმართველი გუნდის ლიდერმა ყველა პარტიას მოუწოდა, რომ საარჩევნო კამპანია რეგულაციების დაცვით აწარმოონ.
"თუ რეგულაციებს ყველა დავიცავთ, საარჩევნო პროცესები არ არის რისკის შემცველი და ვერ შეედრება იმ რისკებს, რომელიც არსებობს ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ურთიერთობებში. ჩვენ ამის წარმატებული გამოცდილება გვაქვს წინა არჩევნებთან დაკავშირებით. მოვუწოდებ ყველას, რომ საარჩევნო კამპანია პარტიებმა აწარმოონ ისე, რომ დაიცვან რეგულაციები, ისე როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ და არჩევნების დღეს ამას უზრუნველყოფს ცესკო. აქ რისკები არის მინიმალური შედარებით ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო რისკებს შორის", ამბობს მამუკა მდინარაძე.
"ქართული ოცნების" ოფისში ჩატარებულ ბრიფინგზე მდინარაძემ სახალხო დამცველის მოწოდებაზე- საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მოწოდებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის ყურადღებით დააკვირდება კიდევ ვინ ჩაერთვება იმ კამპანიაში, რომელიც "რეალურ საფუძვლებს არის მოკლებული".
მდინარაძემ ომბუდსმენთან დაკავშირებით თქვა: "მე არ მინდა მას დავაბრალო, რომ ის გარესპიკერი აღმოჩნდა ნაცმოძრაობის, მაგრამ როგორც მინიმუმ ის შეცდომაშია შეყვანილი".
იხილეთ ასევე: