
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება თუშეთში - სოფელ ქვემო ალვანის მოსახლეობა თუშეთის გზის 36-ე კილომეტრზე გაწმენდითი სამუშაოების დაუსრულებლობას აპროტესტებს.
შელაპარაკება ადგილობრივებსა და კომპანია "ენერჯი გრუპის" წარმომადგენლებს შორის მოხდა.
მოსახლეობა ამბობს, რომ ტექნიკა, რომელიც ადგილზეა მობილიზებული, ამორტიზებულია და შესაბამის სამუშაოს ვერ ასრულებს. მათ როგორც სატრანსპორტო გადაადგილების, ასევე საქონლის გადარეკვის პრობლემაც აქვთ.
მოსახლეობა კომპანიის წარმოამდგენელს ხუთ მაისს დატრიალებული ტრაგედიის შესახებაც სთხოვდა პასუხს, როცა გზის გაწმენდითი სამუშაოს შესრულების დროს მუშა დაიღუპა.
ადგილზე იმყოფებოდა ახმეტის საკრებულოს ოპოზიცია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, შაქრო ტერტერაშვილი აცხადებს, რომ გაუგებარია რას ხმარდება თანხა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გზის გაწმენდითი სამუშაოს შესრულებისთვის იხარჯება.
ტენდერში გამარჯვებული "ენერჯი გრუპის" წარმომადგენელი, გიორგი წუკლაური მოსახლეობას დაპირდა, რომ 25 მაისიდან გზის გაწმენა დაიწყება. მისივე თქმით, ის კომუნიკაციაშია საგზაო დეპარტამენტთანაც და ადგილზე სპეციალისტების ჯგუფს ჩაიყვანს.
პრობლემასთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მოსახლეობა თუშეთის გზის გაუწმენდაობას აპროტესტებს. ისინი თითქმის ყოველ გაზაფხულზე იკრიბებიან და იგივე პრობლემაზე საუბრობენ. ხელისუფლება კი ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მხოლოდ მას შემდეგ იწყებს, რაც თუშების პროტესტი მძაფრდება.
ავტორი: ია გულიაშვილი