პროპაგანდისტულად საუბრობენ, რომ ოპოზიციას დაამარცხებენ, არცერთი სიტყვა როგორ დაამარცხებენ პანდემიას | ოპოზიციის პასუხი "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ბრალდებას, რომ არჩევნების გადადება სურს ოპოზიციას, რადგან მათ გამარჯვების იმედი არ აქვთ, ხელისუფლების ოპონენტები პასუხობენ და ამბობენ, რომ არცერთი პარტიის მიზანი არჩევნების გადადება არ არის, მაგრამ თუ უმძიმესი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ასეთი რეალობა დადგება, დაემორჩილებიან პროფესიონალების გადაწყვეტილებას. 

"არცერთ ოპოზიციურ პარტიას არჩევნების გადადება არ უნდა არავის არ უთქვამს ეს, ჩემი პირადი პოზიციაა, რომ საკოორდინაციო საბჭოში, რომელშიც ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები შედიან, უნდა გვითხრან რა პროგნოზს აკეთებენ. იმის მაგივრად, რომ საუბრობენ დაამარცხებენ ან როგორ დაამარცხებენ პანდემიას, რომელიც დღეში 60-70 ადამიანს გვაკარგინებს მათივე უმოქმედობით, ისინი პროპაგანდისტულად საუბრობენ, რომ ოპოზიციას დაამარცხებენ, არცერთი სიტყვა როგორ დაამარცხებენ პანდემიას" ,- ამბობს ნიკა მელია

პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" დამფუძნებელი ზურა ჯაფარიძე კი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების ერთადერთი ამოსავალი წერტილი არის არა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, არამედ ვიწრო პარტიული ინტერესები და "ოცნება" გადაწყვეტილებასაც სწორედ ამ ჭრილში მიიღებს. 

"ეპიდსიტუაციის მართვა ნებისმიერ შემთხვევაში არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნებს გადადებენ თუ არ გადადებენ გასაგებია, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული პანდემიის გამო და ზოგადად საზოგადოებრივი ჯანდაცვის მდგომარეობიდან გამომდინარე, მათი ამოსავალი წერტილი იქნება რამდენად მომგებიანი იქნება მათთვის პოლიტიკურად",- ამბობს ზურა ჯაფარიძე.

რაც შეეხება პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ არჩევნებამდე 1 თვე არის დარჩენილი და ამ ვადაში ხელისუფლებამ რისკები უნდა გათვალოს. 

"ის არის სახალხო დამცველი და მისი ვალია, რომ ადამიანის უფლებების დაცვაზე იზრუნოს და ეს არის ის პოზიცია, რაც მან დააფიქსირა ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესიდან გამომდინარე. თვეზე მეტია დარჩენილი არჩევნებამდე და ჯერ კიდევ შესაძლებელია გამოსწორება მდგომარეობის",- ამბობს ნათია მეზვრიშვილი. 

რაც შეეხება კიდევ ერთ ოპოზიციონერ ლიდერს, ეკა ბესელიას, ის ფიქრობს, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში არ არსებობს გარანტია, რომ რამდენიმე თვეში ეპიდვითარება დასტაბილურდება, ამიტომ არჩევნების გადადების აზრს ვერ ხედავს. 

"შეიძლება 2 ოქტომბრის შემდეგაც არ იყოს კარგი ტენდენცია, ამიტომ არ მგონია გამოსავალი იყოს არჩევნების გადადება. გამოსავალი არის ხელისუფლების ცვლილება",- ამბობს ეკა ბესელია.

თუ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ადამიანების გარდაცვალება რატიმ არ ვდგამთ ამ ნაბიჯს? - აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ამბობს, რომ მისი მიმართვის ადრესატი პრემიერია, რომელსაც აქვს უფლება არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა,

გარდა მთავრობის ხელმძღვანელისა, ომბუსმენი ქვეყნის ეპიდემიოლოგებსაც მიმართავს და მოუწოდებს, აიღონ პასუხისმგებლობა და გააკეთონ პროგნოზი, ამ პროგნოზის შემდეგ კი პოლიტიკოსებმა მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება. 

 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი