მინდა, დავიწყო მადლობით ყველა რუსთაველის მიმართ - რუსთავის მერობის ერთიანმა ოპოზიციურმა კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ მოქალაქეებს მიმართა და მადლობა გადაუხადა იმ ნდობისთვის, რომელიც ადგილობრივებმა მას ჯერ კიდევ 2020 წლის არჩევნებზე გამოუცხადეს.
დავით კირკიტაძემ საკუთარი გამოსვლა იმ პრობლემებზე საუბარს დაუთმო, რომელსაც "ქართული ოცნება" რუსთავში "ილუზორულად აგვარებს"
"ყველა რუსთაველმა კარგად იცის, რომ "ქართული ოცნება" დაგვცინის, როდესაც მათი პრემიერი ამბობს, რომ საქართველოში 136 კილომეტრი ჩქაროსნული გზა გაიყვანეს და 17 კილომეტრიანი მონაკვეთი დედაქალაქთან მისასვლელი ვერ დაამთავრეს და არ დაამთავრეს.
ჩვენს უკან აქ არის უნიკალური ტყე და 1 ხე არ დაურგავთ ამ ტყეში, რომელიც რუსთავისთვის მართლაც ფილტვებად უნდა იქცეს. "ქართული ოცნება" გვატყუებს და ილუზორულად ებრძვიან ვითომ გარემოს დამბინძურებელს, როდესაც ყველაზე დიდი დამბინძურებელი - "ჰაიდელბერგცემენტი" არის ბიძინა ივანიშვილის საკუთრება და ხმას არ იღებენ.
რუსთაველებმა კარგად იციან, რომ რუსთავში სოკოს საწარმო ეკუთვნის " ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს დავით საგანელიძეს და ისინი არაფერს გააკეთებენ, იმის გამო, რომ იქიდან მომავალმა მომწამლავმა აირმა არ მოწამლოს რუსთაველები",- აღნიშნა კირკიტაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსთავის მერობის ერთიანმა ოპოზიციურმა კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ მაჟორიტარობისა და ვიცე მერობის კანდიდატები დაასახელა .