ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ არჩევნებზე ინფექციის გავრცელების რისკების დარეგულირება შესაძლებელია. კითხვაზე, თუ გაკეთდა ანალიზი გასული წლის არჩევნების შემდეგ ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით, გაბუნიამ თქვა, რომ წინა არჩევნების დროს მობილობა მაღალი იყო და ნოემბერ-დეკემბერში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ქუჩის აქციებს უკავშირდებოდა.
"წინა არჩევნების შემდეგ იყო ძალიან მაღალი მობილობა, რაც უკავშირდებოდა ქუჩის აქციებს და ეს იყო მთავარი ბუსტერი იმ შემთხვევაში ეპიდემიის გავრცელების. ეპიდემიის შემთხვევაში, ის მობილობა, რომლის კონტროლიც შესაძლებელია და რა გარემოშიც წესის დაცვა ხერხდება, ნაკლებად საშიშია, თუმცა უკონტროლო აქციების პირობებში, მაღალია ინფექციის გავრცელების რისკი",- თქვა თამარ გაბუნიამ.
კითხვაზე რომ საპროტესტო აქციები წლევანდელ არჩევნებსაც შეიძლება მოყვეს, გაბუნიამ უპასუხა, რომ პოლიტიკური პროცესები რთულია და ეპიდემიური თვალსაზრისით სარისკო:
"რისკი ყოველთვის არის, პოლიტიკური პროცესები, გარკვეულწილად, რთულია და ეპიდემიურად ძალიან სარისკოა. ჩვენ ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ, იმ ჩვეულ დარეგულირებად გარემოში არჩევნების ჩატარებაზე, რაც შესაძლებელია რომ გაკონტროლდეს და ეს, რა თქმა უნდა, თავისთავად მაღალ რისკებს არ უკავშირდება, რადგან ამ რისკების გადაზღვევა დღეს უკვე შესაძლებელია",-თქვა მან.
ცნობისთვის, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, არჩევნების გადადებაზე მსჯელობის დაწყება მართებული იქნება. საკითხზე მსჯელობისკენ ხელისუფლებას ოპოზიციური პარტიებიც მოუწოდებენ. მიუხედავად მოწოდებებისა, მმართველი გუნდი არჩევნების გადადებას არ აპირებს.
ამავე თემაზე: