"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" საკონსტიტუციო სასამართლოში "საზოგადეობრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებს ასაჩივრებს. სარჩელი მზად არის და სასამართლოში ის ორშაბათს შევა. ამის შემდეგ კანონის კონსტიტუციურობაზე სასამართლო იმსჯელებს და მას ამისთვის ცხრათვიანი ვადა აქვს.
"საია"-ში ამბობენ, რომ ცვლილებები არაკონსტიტუციურია და ადამიანის, საკუთრების, გადაადგილებისა და შრომის უფლებებს ზღუდავს.
მთავრობას არ აქვს უფლება კანონქვედმდებარე ნორმატიული აქტით, თავის დადგენილებით მოახდინიოს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, - აცხადებს "საიას" იურისტი გიორგი გოცირიძე.
საკონსტიტუციო სასამართლოსთვისთვის მიმართვას არც სახალხო დამცველი გამორიცხავს და ამბობს, რომ მთავრობის ქმედებებს ომბუდსმენის აპარატი ყურადღებით დააკვირდება.
თუ ჩავთვლით, რომ ირღვევა ან მთავრობა არაკონსტიტუციურად შეზღუდავს ადამიანების უფლებებს, მზად ვართ მყისიერად მოვახდინოთ რეაგირება და წავიღოთ საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამბობს ნინო ლომჯარია
პარლამენტის როლის დაკნიზებასა და კანონის არაკონსტიტუციურობაზე კანონპროექტის საკანონდებლო ორგანოში შესვლის პირველივე დღიდან საუბრობს ოპოზიცია. მათი თქმით, მართალია ის უვადო აღარ არის და შეტანილი ცვლილებებით 15 ივლისამდე იმოქმედებს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მთავრობას მაინც აქვს საშუალება, შეზღუდვები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს.
კანონი არის არაკონსტიტუციური და თვენახევრის განმავლობაში საქართველოს მთავრობა გასულია საკონსტიტუციო სივრციდან, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.
"ევროპულ საქართველოში" კი მმართველი გუნდის "პოლიტიკურ უთავმოყვარეობაზე" საუბრობენ.
როცა პარლამენტი ამ ყველაფერს გადაანდობს მთლიანად მთავრობას და უარს ამბობს თავის როლზე, ეს არის ახალი რეკორდი პოლიტიკური უთავმოყვარეობის, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მორიგ ჯერზე დაამყარა, - ამბობს ოთო კახიძე.
მმართველ გუნდში კი შეზღუდვების კანონს ადამიანების ჯანმრთლობაზე ზრუნვით ხსნიან და ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში შეზღუდვებმა უნდა იმოქმედოს. მათივე თქმით, კანონის არ მიღების შემთხვევში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება გახდებოდა საჭირო, რაც პოლიტიკურ პროცესს, მათ შორის საკონსტუიტუციო ცვლილებების მიღებას, დააზარალებდა.
ყველაზე შუალედური ვარიანტი იყო რომ არ გაგვეგრძელებინა საგანგებო მდგომარეობა, რაც მოგვცემდა საშუალებას პარლამენტს ემსჯელა საკონსტიუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და ამ კანონში შეგვეტანა ცვლილებები, რომლითაც პარლამენტი მისცემდა მთავრობას საშუალებას გრკვეული ტიპის შეზღუდვები დაეწესებინა, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
81 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - ცვლილებები პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა და ის 15 ივლისამდე იმოქმედებს.