ბიუჯეტიდან დახარჯული მილიონები - აბასთუმნის რეაბილიტაცია ივანიშვილის დაკვეთით

გამოქვეყნდა:

აბასთუმანი - ადგილი, სადაც წესით საქართველოში ყველაზე სუფთა ჰაერი უნდა იყოს. დაბაში საკანალიზაციო სისტემასა და წყალმომარგებისთვის აუცილებელ სამუშაოებს ატარებენ. რემონტდება სახლები და კეთდება გზები. თითქოს ყველაფერი კარგია, თუმცა ერთი შეხედვით. უკეთესად თუ გამოვიკვლევთ, ვნახავთ, რომ ამ სამუშაოების მიღმა უამრავი კორუფციული და საეჭვო გარიგებაა.

საკანალიზაციო სისტემის გაკეთება აბასთუმანში სამი მილიონი ლარი ჯდება. ჩნდება კითხვა, ასეთი ადგილის მოწესრიგებისთვის ეს თანხმა ბევრია თუ არა?! დიახ ბევრია, ნამდვილად ბევრი, რადგან ამ ყველაფრის გაკეთება დაახლოებით მილიონი ლარით ნაკლებად შეიძლებოდა. ტენდერს, რომელიც წყალმომარაგების კომპანიამ გამოაცხადა, მოგების ოთხი პრეტენდენტი ყავდა, თუმცა ორი კომპანია, რომელმაც სახელმწიფოს ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა, დისკვალიფიცირებულად გამოაცხადეს, მოიგო იმან, ვინც ყველაფერს ყველაზე ძვირად აკეთებს. 

რეგიონული განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმი წყალმომარაგების კომპანიის მიერ  გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ფერია". იოსებ მჭედლიშვილისა და მერაბ იორდანიშვილის კუთვნილი ფირმა. ორივე მფლობელის გვარი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობია. მჭედლიშვილი და მერაბ იორდანიშვილის შვილი ლაშა იორდანიშვილი საქართველოს ტერიტორიაზე ჰესების მშენებლობაში უკონკურენტოები არიან. სწორედ ისინი ააშენებენ რაჭაში ონის ჰესების კასკადსაც.  იორდანიშვილი მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის ძალიან ახლო მეგობარი და ბიზნესპარტნიორია. სწორედ გიორგი შენგელიას თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან, ანუ 2018 წლიდან დღემდე, იორდანიშვილის მამის კომანიამ რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერების უმრავლესობა მოიგო. ჯამში კი ბიუჯეტიდან 103 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვები კურუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით. 

მეგობრების თანამდებობაზე ყოფნის გამო ტენდერებში გამარჯვებას კატეგორიულად უარყოფს ლაშა იორდანიშვილი. ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან დაახლოებული ბიზნესმენი "მთავარ არხთან" იმის დამტკიცებასაც ცდილობდა, რომ ეს მოგება ახლა აღარაფრად უღირს და პროექტი წამგებიანია, თუმცა იძულებულია, მუშაობა გააგრძელოს. ამისთვის კეთილშობილურ მიზანს ასახელებს. ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილი მისთვის ფულზე უფრო მნიშვნელოვანია.

აბასთუმანში სარეაბილიტაციო სამუშაები კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, ვისთვის კეთდება ეს ყველაფერი - ხალხის თუ ბიძინა ივანიშვილისთვის. რაც ოლიგარქი ამ კუთხით დაინტერესდა და გეგმები დასახა, აბასთუმანში აიღეს და სხვა ტერიტორიაზე გადაიტანეს ყველაზე მნიშვნელოვანი - ტუბერკლიოზით დაავადებულთა საავადმყოფო, დაანგრიეს სანატორიუმი, გადააქვთ პოლიციისა და სამაშველო სამსახურის შენობები, გაიყიდა მიწები სხვადასხვა კომპანიებზე, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად, თითქმის ყველა ოლიგარქთან არის დაკავშირებული. ნამდვილად, ივანიშვილს აქ დიდი გეგმები აქვს. 

აბასთუმანის შუაგულში, ტყესთან დამაკავშირებელი ხიდი სახელმწიფოს საკუთრება აღარაა - ეკუთვნის კოპანია "სანაპირო ხედს", რომელიც ამ ხიდს იქით, ტყეში რაღაცას აშენებს, რას არავინ იცის, არც თავად ამბობენ. სავარაუდოდ, ოლიგარქის მორიგ რეზიდენციას. 

ჩაკეტილ ტყეს ესაზღვრება რომანოვების სასახლე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც 1992 წელს, პრინცმა გიორგი რომანოვმა პირველ ობსერვატორიად ააშენა. სწორედ ამ სახლში შეიქმნა სპილოს ძვლის უნიკალური გრავიუები აბასთუმნის ხედებით, რომელიც მოგვიანებით სამეფო კარის იუველირმა კარლ ფაბერჟემ სააღდგომო კვერცხის შექმნისთვის გამოიყენა. უცნაურია, მაგრამ ისტორიული სასახლე ახლა  ვინმე გიორგი საძაგლიშვილს ეკუთვნის. მის მიერ 2019 წლის 16 მაისს შექმნილ კომპანიასთან რამდენიმე დღეში გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. 

აბასთუმანში ყველა ტენდერი, ტყეში გაყიდული მიწის ნაკვეთები, ძველი შენობების ნგრევა და ახალ ადგილზე გადატანა აჩენს ბევრ, ძალიან ბევრ კითხვას და ეჭვს, რომ ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანს უბრალოდ ისაკუთრებს და კურორტი მომავალში, ძალიან მალე მხოლოდ მისი იქნება. ვისაც უნდა შეუშვებს, ვისაც უნდა არა, ჩვენ ეს საკუთარ მაგალითზე უკვე გამოვცადეთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი