
ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე, შეზღუდულ უფლებებზე, შებოჭილ პარლამენტსა და მთავრობის შესაძლო კორუფციულ რისკებზე, "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა გადაცემაში "დღის სტუმარში" ისაუბრა.
ეკა გიგაური პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ "შეზღუდვების კანონს" ეხმაურება და ამბობს, რომ მთავრობას აქვს კონკრეტული მიზანი, სწრაფად მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მათ ინტერესებში იქნება.
მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ მმართველი პარტია ზრუნავდა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, აბსურდია. გიგაური ამბობს იმასაც, რომ "ქართული ოცნება" პარლამენტის როლის დასასუსტებლად ყველაფერს აკეთებს.
მთელი კრიზისის განმავლობაში ვსვამდით კითხვას, სად იყო პარლამენტი. ის არ ასრულებდა აქტიურად ზედამხედველობის ფუნქციას, არ ეკითხებოდნენ სამინისტროებს, ასრულებდნენ თუ არა თავიანთ მოვალეობას, მთავრობა დღეს უკვე კანონით უზღუდავს პარლამენტს უფლებებს, - ამბობს ეკა გიგაური.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანომ პრემიერს გუშინ მისცა უფლება, რომ 15 ივლისამდე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, მოქალაქეებს ნებისმიერი შეზღუდვა დაუწესოს.