რაჭაში, კავკასიონის ფერდობზე, ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია ოქროს მოპოვებას იწყებს

გამოქვეყნდა:

გადახსნილი და ჩამონგრეული მთები, დაბინძურებული მდინარეები, გაჩეხილი ტყე - საფრთხე, რომელიც რაჭის უნიკალურ ბუნებას ემუქრება და რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილებებით, სულ უფრო რეალურია.

ლიცენზია, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში საიდუმლოდ და სასწრაფოდ გაიცა, ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას უფლებას აძლევს, ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე, ოქროს მოპოვება დაიწყოს. 

ზემო რაჭაში, სოფლების - ღებისა და ჭიორას თავზე, მთებში ოქროს არსებობის შესახებ მითი ისტორიულად არსებობდა. ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, აქ არქეოლოგიური სამუშაობი ჩატარდა და მდინარე ზოფხიტურასა და რიონის შესართავთან ანტიკური პერიოდის ნასახლარი აღმოჩნდა. არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ 24-25 საუკუნის წინ, აქ ოქროს ნაკეთობებს ამზადებდნენ. კვლევა გაღრმავდა და კომუნისტურმა პარტიამ ოქროს რამდენიმე საბადოს მიაგნო. როგორც ჩანს მიაგნო მეტსაც. ინფორმაცია მკაცრად გაასაიდუმლოეს, თუმცა "მთავარმა არხმა" შეძლო გაერკვია, რომ მკვლევარებმა თავის დროზე, ოქროსთან ერთად, რაჭის მთებში, ლალის საბადოც აღმოაჩინეს. 

ლალის საბადოს არსებობის შესახებ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია არ არსებობს. საბჭოთა კავშირის დროს ამ ინფორმაციას გრიფით საიდუმლო დაედო. საბუთები კრემლში, კაგებეს არქივში ჩაკეტეს. გეოლოგები კი, ვინც ამ თემაზე მუშაობდნენ, მკაცრად გააფრთხილეს, რომ არსად არაფერი ეთქვათ. ინფორმაციამ მაინც გაჟონა. დღეს უკვე დაუდასტურებლად, თუმცა სპეციალისტები მაინც საუბრობენ, რომ რაჭაში ეს უნიკალური ქვა მოიპოვება. 

ლალი უძვირფასესი ქვაა. მისი ორი სახეობა არსებობს - ლალი კორუნდი და შპინელი. მათგან შპინელს პრაქტიკულად ფასი არ აქვს, შეუფასებელია. კორუნდის ღირებულება კი ბრილიანტისას უტოლდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ოქროზე გაცილებით ძვირია.  

ლალის მოპოვებაზე მუშაობა არც დაწყებულა. თუმცა ოქროზე კომუნისტებმა შესწავლითი სამუშაოები დაიწყეს. გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი "მთავარ არხს" უყვება, რომ დათვალეს ხარჯები და არსებული მარაგი და სავარაუდოდ, მიხვდნენ რომ არ უღირდათ და სამუშაოები დააკონსერვეს. რაჭის მაღალმთიანეთის კვლევა 21-ე საუკუნეში გაგრძელდა. მკვლევარები რაჭის მთებში ბუნებრივ წიაღისეულს ეძებდნენ და იპოვნეს. უკვე ხმამაღლა ითქვა, რომ ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე ღრმად მიწაში ოქროს საბადოებია. ცნობილია ზუსტი ადგილმდებარეობაც და რაოდენობაც. 

ანთიმონთან ერთად 60 ტონა ოქროს მიაკვლიეს ე.წ. ზოფხიტოს საბადოზე. 

ზოფხიტო რთულად მისადგომ ადგილას მდებარეობს. იქ სამუშაოების წარმოება უდიდეს ხარჯებთან არის დაკავშირებული. იმ დრომდე, ვიდრე ინფორმაცია ლალის საბადოს არსებობის შესახებ არ გავრცელდა, სპეციალისტები ვერ ხდებოდნენ რაში აწყობდა კომპნიას ამ ხარჯის გაწევა ოქროს ერთჯერადი და არც თუ ისე დიდი მარაგის მოსაპოვებლად. ახლა უკვე ეჭვობენ, რომ რეალური მიზეზი ლალია, რომლის არსებობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციაც კი არ არსებობს და შესაბამისად, მისი მოპოვების შესახებაც ანგარიში კომპანიამ და ამ კომპანიის უკან მდგომმა პირებმა არავის უნდა ჩააბარონ. 

ვინ ცდილობს რაჭის მიწაში ჩამარხული განძის მოპოვებას. დოკუმენტებით ირკვევა, რომ ეს კომპანია "კავკასუს მინერალებია". კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავაა. კუჭავა ფიგურირებს ასევე კავკასიის სამთო ჯგუფის, "ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდის", "ფრონტლაინ მინინგის", "ამბრელა ენტერპრაიზის", "ზოფხიტო გოლდისა" და შესაბამისად, "არემჯი გოლდის" დამფუძნებელთა შორისაც. ყველგან, სადაც ოქროა, იქ კუჭავას გვარიც ჩნდება. თუმცა, დღეს, ვიცე-სპიკერი გვიმტკიცებს, რომ მას ამ კომპნიებთან შეხება აღარ აქვს. 

სწორედ კახა კუჭავა იყო პროცესის მთავარი ზედამხედველი. პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ მუშობის დროს გაიცა კომპანიებზე ოქროს მოპოვების ლიცენზია. "კავკაზუსმინერალისა" და სხვა, მასთან დაკავშირებული კომპანიების ყოფილი მფლობელი, საკუთარ ბიზნესს უკვე პარლამენტიდან ლობირებდა. 

კახა კუჭავას გვარი დამფუძნებელთა შორის იყო მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა საყდრისის უნიკალური ისტორიული ძეგლი ოქროს მოპოვების გამო ააფეთქა. ოპოზიცია დღესაც დარწმუნებულია, რომ რაჭაშიც ოქროსა და უნიკალური ლალის ქვების მოპოვების უკან სწორედ ოლიგარქი დგას. 

იმას, რომ ჯერ კვლევით, თუმცა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მოპოვებით სამუშაოებს ზოფხიტოში სწორედ კუჭავა აწარმოებდა, "მთავარ არხს" უდასტურებს კომპანიის თანამშრომელი, რომელსაც გადამღები ჯგუფი სოფელ ღებში შეხვდა.

კომპანია "კავკასიის მინერალების" თანამშრომელი იმასაც ყვება, რა ეტაპზეა სამუშაოები ახლა და რის გაკეთებას აპირებენ ისინი. ირკვევა, რომ ახლა მაღალმთიან რაჭაში ოქროს გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის საკითხი წყდება. 

ჯერ ისიც უცნობია, რა გზებით აპირებს კომპანია "კავკასიის მინერალი" ოქროსა და ლალის მოპოვებას. გარემოსდამცველები შიშობენ, რომ წიაღისეულის მოპოვებას ღია კარიერული წესით დაიწყებენ. რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანად განადგურდება ზემო რაჭის უნიკალური ბუნება. 

გარემოსდამცველები ყვებიან, რომ ერთი გრამი ოქროს მოსაპოვებლად, ერთი ტონა ფუჭი ქანის ამოღება და გადაყრაა საჭირო - ანუ მთელი ის ტერიტორია გამოუსადეგარი ხდება. 

ადგილს, სადაც ოქროს მოპოვება უნდა დაიწყოს, უნიკალური ისტორია აქვს. არქეოლოგიურად ეს მხარე ჯერ შესწავლილი არ არის. ისტორიკოსი იულონ გაგოშიძე ვარაუდობს, რომ აქ შესაძლოა ანტიკური ხანის ან უფრო ადრინდელი ნასახლარები აღმოჩნდეს, ამიტომ მისი ხელაღებით განადგურება დაუშვებელია.

რა ელის სოფელ ღების მოსახლოებას? სოფელი სადაც წლების წინ 700 კომლი ცხოვრობდა, თითქმის დაცარიელებულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ არავინ არაფერს ეკითხება. ისინი აფეთქებებისა და უნიკალური ბუნების განადგურების უფლებას არავის მისცემენ. 

ლიცენზია უკვე გაცემულია. სამუშაოები რაჭის მაღალმთიანეთში სავარაუდოდ მალე დაიწყება. რა დარჩება ამ უნიკალური ბუნებიდან მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია მიწიდან ყველაფერ იმას ამოიღებს, რაც მას აინტერესებს რთული წარმოსადგენია. სავარაუდოდ აღარ იარსებებს უნიკალური მთები, ისევე როგორც აღარ არსებობს საყდრისის საბადო, რომელიც ასევე ოქროს მოყვარულებს შეეწირა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი