
საკვირაო ბაზრების გახსნის პრობლემა მწვავედ დგას კახეთში. თვითდასაქმებულები, რომლებიც სწორედ საკვირაო ბაზრებზე იყვნენ დამოკიდებული, ამბობენ, რომ ობიექტების დახურვის შემდეგ, მათი შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან ერთ ნაწილს ვაჭრობა ქუჩებში, ზოგს კი სხვა ბაზარში მოუწია.
ამის გამო აღარ ჰყავთ მომხმარებელი და პროდუქციაც ისეა გაძვირებული, რომ მისი შეძენა მოსახლეობას უჭირს.
"მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი დაუკავშირდა ბაზრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რომლისგანაც ელოდებოდა პასუხებს იმის შესახებ, თუ როდის შეძლებენ თვითდასაქმებულები თავისუფალ ვაჭრობას და მოხდება თუ არა ბაზრის რეაბილიტაცია, თუმცა ხელმძღვანელმა პირმა ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.
შეზღუდვებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა. ამბობს, რომ ძალიან ბევრი ისეთი ადგილი, რომელიც ერთადერთი არსებობის წყაროა კახეთის მოსახლეობისთვის, ისევ დაკეტილია, ხელისუფლება კი დღემდე ვერ გაერკვა თუ რა სტანდარტი უნდა დაუწესოს ბაზარს გახსნისათვის.
მინდა მოვუწოდო კახეთი გუბერნატორსაც და მთლიანად მთავრობასაც, სასწრაფოდ გახსნან ეს ადგილები, შეიმუშავონ შესაბამისი სტანდარტები და გახსნან ყველა ის ადგილი, რომელიც კახეთისთვის მთავარი ძარღვებია, - ამბობს გიორგი ბოტკოველი.
როდიდან განახლდება კახეთის რეგიონის მასშტაბით, საკვირაო ბაზრების ფუნქციონირება, ამ დრომდე უცნობია.
ავტორი: ია გულიაშვილი