ბათუმის პორტი ირანული ნავთობის ბიზნესის არალეგალური აქტივობის სამიზნედ იქცა. ამ საკითხზე გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსები უკვე ღიად საუბრობენ. სტრატეგიული პარტნიორები ვარაუდობენ, რომ საქართველოში ირანული ნავთობით არალეგალური ვაჭრობა მიმდინარეობს, რასაც ხელს კონკრეტული მაღალჩინოსნები უწყობენ.
ბათუმის პორტს ყაზახური სახელმწიფო კომპანია მართავს, მის შემადგენლობაში შედის ბათუმის ნავთობტერმინალიც. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის პორტს ოფიციალურად უცხოელები მართავენ, სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილია, რომ იქ მთავარი ფიგურა ვანო ჩხარტიშვილია.
ტერმინალში ირანული ნავთობით უკანონო ვაჭრობის ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავენ. თუმცა არ უარყოფენ, რომ წლების განმავლობაში ისეთ კომპანიებს ემსახურებოდნენ, სადაც ირანული სახელმწიფოს ინტერესი იყო.
ბათუმის ნავთობტერმინალის პასუხისმგებლობა არ ვრცელდება ტერმინალ 1-ზე, რომელიც ბათუმის პორტის ტერიტორიაზეა, თუმცა დამოუკიდებელად ოპერირებენ. მას ბათუმის ძირითადი პორტის გვერდის ავლით შეუძლია მიიღოს საშუალო ზომის ნავთობტანკერები და დამოუკიდებლად გადატვირთოს პროდუქტი რკინიგზის ვაგონებში.
„მთავარის“ წყაროს ინფორმაციით, „ტერმინალი 1“ თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ძმებ ჩხენკელებს ეკუთვნის. „ტერმინალი 1“-ის სხვა მეწილეები არიან „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია და სოფიო წერეთელი.
„მთავარის“ წყაროს ინფორმაციით, ამ ტერმინალში ბიზნესინტერესი აქვს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესაც. მის ინტერესებს პორტის ამ ნაწილში ილია ხარაზი იცავს, რომელიც მანამდე ფარცხალაძესთან ერთად კომპანია „ლუკოილში“ მუშაობდა. პორტის ერთ-ერთი მფლობელი ლაშა ჩხენკელი არ მალავს, რომ რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობენ.
„ტერმინალი 1“-ის ერთერთი მფლობელი ამბობს, რომ ისინი მხოლოდ ნავთობტანკერების მფლობელი კომპანიების მიწოდებულ ინფორმაციას ენდობიან და ტვირთის წარმომავლობასთან დაკავშირებით დამატებით კვლევას აღარ აწარმოებენ. არადა, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, საქართველოში ნავთობი სწორედ რუსეთის გავლით ხვდება.
ამ გზით შემოსული ირანული ნავთობი ზოგ შემთხვევაში საქართველოშიც მუშავდება. „მთავარის“ წყაროს ინფორმაციით, „ტერმინალ 1“-ში მიღებული ნედლი ნავთობი რკინიგზით თბილისში შპს „გლობუსის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მიაქვთ, მიღებულ საწვავს შემდეგ საბიუჯეტო გადასახადების გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე ყიდიან. ამგვარი მაქინაციებით კი სახელმწიფო ბიუჯეტი და საწვავის ბაზარზე კონკურენცია ზიანდება.
სფეროს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ირანული ნავთობით ვაჭრობის საქმეში სახელმწიფო ინტერესიცაა, იმის ფონზე, როცა თითოეული გემის პორტამდე მისვლას რამდენიმე უწყება აკონტროლებს.
ამერიკული სანქციების თავის ასარიდებლად საქართველოს ხელისუფლებას დრო და საშუალება ჯერ კიდევ აქვს, თუმცა, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან გაკეთებული განცხადებების შემდეგ, როგორც ჩანს, არც ისე ბევრი.