"ოცნების" ახალი-ძველი სახეები - პარტიამ საპარლამენტო სიის შედგენა დაიწყო

გამოქვეყნდა:

„ქართულ ოცნებაში“ საპარლამენტო არჩევნების სიისთვის მუშაობა ხუთი თვით ადრე დაიწყეს. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ სიაზე მუშაობა დაწყებულია.

„ოცნების“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ და მაჟორიტარულ სიას ბიძინა ივანიშვილი დაამტკიცებს. დიდი მოთხოვნა საკუთარ კვოტაზე კობახიძე-მდინარაძის საპარლამენტო ჯგუფს, პარტიის გენერალურ მდივან კახი კალაძესა და პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას ექნებათ.

ირაკლი კობახიძე და მასთან ერთად პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, მისი მოადგილეებიც მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, კახა კუჭავა და გიორგი კახიანიც პროპორციულ გამსვლელ სიაში იქნებიან.

მმართველ პარტიას საარჩევნოდ ახალი სახეები და საზოგადოების თვალში რეიტინგული პერსონები სჭირდება. ერთ-ერთი ასეთი კანდიდატურა ამირან გამყრელიძეა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამყრელიძემ წინადადებაზე უარი თქვა, თუმცა, მისი შვილის კანდიდატურა შეთავაზა.

ბევრად უფრო თამამები და პირდაპირები „ოცნების“ მაჟორიტარები არიან. კახა ოქრიაშვილი მეხუთედ მაჟორიტარობისთვის ემზადება. მეექვსე მოწვევის დეპუტატობისთვის ემზადება ენზელ მკოიანიც. დიმიტრი ხუნდაძე კი პარტიასთან კონსულტაციებს ჯერ არ ადასტურებს. მეოთხე მოწვევის დუპუტატობისთვის ემზადება გოჩა ენუქიძეც. თანაგუნდელების გადაწყვეტილებას ელოდება ირაკლის აბუსერიძეც. მეათე მოწვევის პარლამენტში იქნება პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანიც.

გაურკვეველია, ორ მაჟორიტარულ ოლქად გაყოფილი კახეთის ბედი.  ე.წ. კახური კლანის და ღარიბაშვილის გავლენა გადაწონის, თუ „ოცნების“ სხვა რომელიმე ლიდერი აჯობებს.

ამას გარდა, არიან „ოცნების“ ისეთი წევრებიც, რომლებსაც დეპუტატობა აღარ უნდათ, მათ შორის, იოსებ მაკრახიძეა. დეპუტატი აღარ იქნება ბიძინა ივანიშვილის მეგობარი და ორგზის „ოცნების“ მოწვევის დეპუტატი თემურ ჭკუასელიც.

ყველა სახელსა და გვარზე საბოლოო თანხმობა ბიძინა ივანიშვილმა უნდა გასცეს, რომელიც ეპიდემიის პირობებში TikTok-ის ვიდეო გარდა არსად არ გამოჩენილა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი