ამ მძიმე ეპიდვითარების ფონზე ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც საუბრობს მხოლოდ ოპონენტების დამარცხებაზე და არა პანდემიის დამარცხებაზე - მძიმე ეპიდსიტუაციასა და კორონავირუსით ათობით გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ოპოზიცია ხელისუფლებას აკისრებს და კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ობოლაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ უპასუხისმგებლობით კოვიდსიტუაციის მართვის სამი უმთვარესი ეტაპი - 1. ვაქცინაცია 2. ჯანდაცვის სისტემის მართვა 3. რეგულაციები "ჩააგდო".
ობოლაძე მთავრობის შერჩევით სამართალზეც საუბრობს.
"პირველი, უსამართლობა იწვევს უნდობლობას. როდესაც ადამიანს არ აქვს უფლება პირბადითა და წესების სრული დაცვით გადაადგილდეს და 10-20 ლარის საშოვნად ავიდეს ტრანსპორტში, ადამიანი, რომელიც კილომეტრებს გადის ფეხით, რადგან ტაქსის ფული არ აქვს, პრემიერი ეუბნება, რომ "ქეიფი დანაშაული არ არის".
მეორე, ჩვენ გვყავს რამდენიმე ათობით ათასი ადამიანი, რომელსაც ჯანდაცვის კუთხით აქვს განათლება მიღებული, ან დამამთავრებელ კურსზეა, შეგვეძლო გადაგვემზადებინა და ექიმებს რესურსების ზღვარზე არ ემუშავათ.
მესამე ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანებს წუხილები აქვთ არაინფორმირებულობის გამო. ხელისუფლებას აქვს ვალდებულება მიაწოდოს სწორი და ამომწურავი ინფორმაცია. და რას ვხედავთ? მოსახლეობას ეუბნებიან, რომ თქვენ ამ კითხვებზე პასუხი კი არ უნდა მიიღოთ, მიიღეთ "ლატარიის ბილეთი. ეს არის დაცინვა",- ამბობს ნიკა ობოლაძე.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის წამახალისებელ ღონისძიებებს შორის ლატარიის გათამაშება განიხილება.