მძიმე პაციენტი საველე ჰოსპიტალიდან კლინიკაში ვერ გადაიყვანეს | კოვიდკატასტროფა საქართველოში

გამოქვეყნდა:

საველე ჰოსპიტალში პირველი პაციენტი ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის კლინიკაში ადგილი მთელი დღე ვერ მოიძებნა. კოვიდინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰოსპიტალში შეყვანიდან მალევე დამძიმდა. აუცილებელი იყო მისი ჰოსპიტალიზაცია, რადგან საველე ჰოსპიტალში მძიმე პაციენტების მართვა ვერ ხდება, თუმცა რამდენიმე საათის განმავლობაში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი შველას ამაოდ ელოდა. მთელი დღის განამვალობაში დედაქალაქის ვერცერთ კოვიდსაავადმყოფოში მისთვის  ადგილი ვერ მოიძებნა.   

ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 80-ზე მეტი პაციენტია, ყველა მათგანი ჟანგბად დამოკიდებულია და ექიმების განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებს. დედაქალაქის კოვიდ კლინიკებში ყველა პალატა კოვიდპაციენტებითაა სავსე. რთული ეპიდვითარების ფონზე ექიმები მძიმე პაციენტების მკურნალობას ვერ აუდიან.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 74 ადამიანი გარდაიცვალა და 4200-ზე მეტი დაინფიცირდა. ექიმებს რეკორდულად მაღალი სიკვდილიანობისა და ინფიცირების მაჩვენებლის გამოსწორების იმედი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში არ აქვთ. 

კორონავირუსს საქართველოში უკვე ოჯახები ეწირება. ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში დედა-შვილი გარდაიცვალა. კლინიკაში ისინი 30 ივლისს კოვიდის უმძიმესი ფორმით შეიყვანეს. 54 წლის ქალი გუშინ გარდაიცვალა, შვილი კი დღეს. ორივე მათგანს დაზიანებული ჰქონდა ფილტვი. ექიმების რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კიდევ უფრო მძიმეა ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. ოკუპირებულ გალში ვაქცინაცია ამ დრომდე არ დაწყებულა. მოქალაქეები უმძიმეს მდგომარეობაზე საუბრობენ, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს არ აქვთ წვდომა არც ვაქცინაზე და არც კოვიდტესტებზე. მათ კი ვისაც აცრა უნდა ან გადაუდებელი მკურნალობა სჭირდება, დაახლოებით 60 კმ-ის გავლა ფეხით უწევთ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით უმძიმესი კოვიდვითარებაა. კლინიკებში კი მდგომარეობა სულ უფრო რთულდება. ამ კატასტროპულ ეპიტდვითარებაში კორონავირუსის დასამარცხებლად  ერთადერთი იარაღი - ვაქცინაცია და რეკომენდაციების დაცვაა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი