სააკაშვილი უფრო გრძელვადიანი მოთამაშეა ქართული პოლიტიკაში, ვიდრე ივანიშვილი - უგულავა

გამოქვეყნდა:

სააკაშვილი უფრო გრძელვადიანი მოთამაშეა ქართული პოლიტიკაში, ვიდრე ივანიშვილი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა.

უგულავა მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას გამოეხმაურა. ამბობს, რომ როგორც საქართველოს მოქალაქეს, ქვეყნის პრეზიდენტის წარმატება ახარებს. 

თავი რომ დავანებოთ ნებისმიერ პოლიტიკურ კონტექსტს, როგორც ქართველ ადამიანს, როგორ შეიძლება არ გამიხარდეს ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის წარმატება. თუ მე სადმე წარმომიდგენია ჩემი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც უცხოეთში აგრძელებს კარიერას, ის ყველაზე სწორ და ადეკვატურ ადგილას აღმოჩნდა. საკაშვილი უფრო გრძელვადიანი მოთამაშეა ქართულ პოლიტიკაში, ვიდრე ივანიშვილი, - განაცხადა გიგი უგულავამ. 

"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივნის განცხადებითვე, ბიძინა ივანიშვილი დღეს ქართული პოლიტიკის პრობლემაა, თუმცა მას არ აქვს პოლიტიკური რესურსი, რომ გრძელვადიანი მოთამაშე იყოს.

უგულავა ამბობს იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილს დიდი პოლიტიკური რესურსი და გამოცდილება აქვს.

უნდა გვესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშილს აქვს დიდი პოლიტიკური რესურსი, გამოცდილებაც, სახელიც და ის მსხვილი ფიგურაა. ის ან ძალიან უყვარდათ ან ძალიან სძულდათ. ახლა "ქართული ოცნება" სწორედ ამის კულტივაციას ეწევა. მიშა ამ ქვეყანაში ჩამოვა, ბუნებრივია, მაგრამ ის რასაც გვეუბნება "ქართული ოცნება", რომ რომ დღეს თუ აღარ ვიქნები მე, იქნება მიშა, არის ტყუილი, - ამბობს გიგი უგულავა.

უგულავა უკრაინიდან ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევასაც შეეხო. ამბობს, რომ ისეთ მნიშვნელოვან ქვეყანაში, როგორიც უკრაინაა, საქართველოს ელჩი "პოლიტიკურად ძლიერი და აზრიანი პიროვნება" უნდა იყოს.

უმთავრესი ქვეყანა იქნება უკრაინა, ეს არის ის რკალი, რომელთან ერთადაც საქართველო უნდა გავიდეს სამშვიდობოს. საქართველომ უნდა განამტკიცოს თავისი უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვიანია ამ ქვეყნებთან გვყავდეს არა მეათეხარისხოვანი დიპლომატი, არამედ პოლიტიკურად ძლიერი და აზრიანი პიროვნება. ქმედებები, როგორიცაა, მაგალითად, უკრაინის ელჩის გამოწვევა, ნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ვერ ხვდება ამ გეოპოლიტიკური რკალის მნიშვნელობას, - ამბობს უგულავა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე მმართველმა გუნდმა კონსულტაციების მიზნით მას შემდეგ გამოიწვია, რაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ სააკაშვილი ამ თანამდებობაზე შვიდ მაისს წარადგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი