პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამბობს, რომ კორონავირუსის მზარდი მაჩვენებლის ფონზე, მთავარი გამოსავალი ვაქცინაციაა. ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის ამოცანაა, რომ სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი ადამიანი ვაქცინირებული იყოს.
"ჩვენ არც ერთი მოქალაქე არ უნდა დაგვრჩეს ზრუნვის გარეშე და ჩვენ ყველას მაქსიმალური ზრუნვა უნდა აღმოვუჩინოთ. ამ სიტუაციაში ჩვენთვის მთავარი გამოსავალი არის აცრები და ვაქცინაციისკენ ყველას უნდა მოვუწოდოთ. ჩვენ მილიონ ადამიანს ძალიან მალე ავცრით, ალბათ უახლოეს რამდენიმე დღეში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი მოქალაქე იყოს აცრილი, აქედან ზოგი ერთჯერადად, ზოგი ორჯერადად. ალბათ მილიონს უკვე გადატანილი აქვს და საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, რომ შედარებით დასტაბილურდება სიტუაცია",- თქვა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელმა იმატა. დღეს, 30 აგვისტოს საქართველოში ვირუსის 1 915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 78 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, NCDC-ის ცნობით, 30 აგვისტოს მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 164 402 აცრა. 1 დოზით ვაქცინირებულია 780 948 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.3%, სრულად ვაქცინირებულია 383 454 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 13.4% 29 აგვისტოს აიცრა 17 670 ადამიანი.