დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის კიდევ ერთი ნაწილი ვიზიტორებისთვის დაიხურა. წელიწადზე მეტია, ქართველი მომლოცველი გარეჯის უდაბნოს ყველაზე ძველ მონასტერში აღარ მისულა, ყველა საფეხმავლო ბილიკი, რომელიც აღდგომის ტაძართან მიდიოდა, ჩაკეტილია. ქართველი სამხედროები აკონტროლებენ გზას, სადაც გადაადგილება უკიდურესად სახიფათოა.
მეზობელი რესპუბლიკის მოთხოვნით, ქართველმა მესაზღვრეებმა მკაცრი რეჟიმი აამოქმედეს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის ჯერ გავლებული არ არის. უდაბნოში ჩასულებს სადავო ტერიტორიიდან ორ კილომეტრშიც კი აღარ აქვთ უფლება, დარჩნენ ტურისტულ ზონაში, ქართველი მესაზღვრეების ოფიციალური თანხმობის გარეშე.
სპეციალური ცნობა გარეჯის უდაბნოში გადაადგილებისთვის ქართველმა მესაზღვრეებმა ახლახან დააწესეს. აღმოჩნდა, რომ ოფიციალური დოკუმენტის გარეშე ვერც ის მეცხვარეები გადარეკავენ პირუტყვს, ვისაც გადაადგილება სადავო ტერიტორიასთან უწევთ.
დავით გარეჯის უდაბნოსთან საქართველოს ტერიტორიის მხრიდან მკაცრი კონტროლი, დაახლოებით, სამი თვის წინ ამოქმედდა, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანის რესპუბლიკა აღდგომის ტაძართან რამდენიმე მეტრში სამხედრო ბაზას აშენებდა, ქართველი მესაზღვრეები ჩასულ მომლოცველებს მე-15 საუკუნის ძეგლთან მისვლის უფლებას არ აძლევდა, თუმცა აეროგადაღების კამერით კარგად ჩანს ის უთანასწორო ქმედებები, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკების პარალელურად მიდის - ქართულ ძეგლს დღითიდღე უახლოვდება გზან რომელიც მეზობელ სახელმწიფოს გაჰყავს.
ორი ქვეყნის სადემარკაციო კომისია რამდენიმე წელია, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, მაშინ როდესაც ქვეყანა პანდემიას ებრძოდა აზერბაიჯანის სასარგებლოდ GOOGLE-ის რუკაზე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. ერთადერთი გზა, რომლითაც ადამიანი დავით გარეჯის ლავრასთან მიდის, მეზობელი ქვეყნის მხარეს მოხვდა, გზის 164-მეტრიანი მონაკვეთი ახლა ელექტრონულ რუკაზე აზერბაიჯანის ტერიტორიად არის დასახელებული. სამოქალაქო აქტივისტების მოთხოვნის მიუხედავად, ქართულ მხარეს ჯერ რეაგირება არ აქვს.
ისტორიკოსი გაგა მახარაძე „მთავარ არხს“ ორი ქვეყნის სამოქალაქო სექტორს შორის გამართული დახურული აუდიენციის დეტალებს უყვება. მისი თქმით, ერთ-ერთ შეხვედრაზე აზერბაიჯანის მხარემ მკაცრი პირობა წამოაყენა, რომ შეხვედრის მაგიდას მხოლოდ მაშინ მიუჯდებოდა, თუკი ალბანური კულტურის ძეგლად მოხსენიებულ ორ ისტორიულ ობიექტს - აღდგომის ტაძარსა და ჩიჩხიტურის მონასტერს, მხარეები არ შეეხებოდნენ, მაშინ მეზობელმა სახელმწიფომ თქვა, რომ ეს მათი ისტორიული მემკვიდრეობაა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში კი დავით გარეჯის თემას საიდუმლო გრიფი ადევს, კიდევ უფრო აშინებთ საუბარი სასაზღვრო პოლიციაში, დუმს საპატრიარქოც.
დავითის ლავრის მღვდელმსახურს „მთავარი არხი“ ტელეფონით დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ სასულიერო პირებს ჩაკეტილ მონასტრებშიც უშვებენ და მათ გადაადგილების პრობლემა არ აქვთ.
უდაბნოს მონასტრის უნიკალური მხატვრობა ისევ სადავო ტერიტორიაზეა, დავის საკითხია ბაზილიკური არქიტექტურის აღდგომის მონასტერი და ჩიჩხიტურის უნიკალური კოშკი.
მეექვსე საუკუნით დათარიღებული დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სამ უმნიშვნელოვანეს ისტორიას ახლა აზერბაიჯანის სახელმწიფო ქართველ მესაზღვრეებთან ერთად იცავს, მაგრამ ვის დარჩება ქართული ისტორიული მემკვიდრეობა ორი ქვეყნის სადემარკაციო კომისიის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.