ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ეპიდემიოლოგები ოქტომბრის დასაწყისში მშვიდ სიტუაციას ვარაუდობენ. გაბუნიას თქმით, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის პიკი უკვე გადასულია და ახლა დაღმასვლის ეტაპი დაიწყება, თუმცა როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რამდენად სწრაფად მოხდება ინფიცირების მაჩვენებლის დაღმასვლა.
რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, გაბუნია ამბობს, რომ ამ მაჩვენებლის კლებას გარკვეული პერიოდი სჭირდება, ვინაიდან ის შემთხვევების სტაბილიზაციაზეა დამოკიდებული.
"არის გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები. პიკი, გარკვეულწილად, გადავიარეთ და ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი, მაგრამ აქ მთავარია ის, თუ რამდენად სწრაფად მოხდება დაღმასვლა და ამდენად პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც აქამდე გვქონდა გატარებული ახლა არანაკლებ კიდევ მნიშვნელოვანია, რადგან არ მოხდეს ესკალაცია.
რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, ვიცით, რომ გარდაცვალების შემთხვევების კლებას სჭირდება გარკვეული პერიოდი. დაახლოებით ორი კვირა არის ის პერიოდი, როცა შემთხვევების სტაბილიზაციას მოყვება გარდაცვალების სტაბილიზაცია. ასე, რომ ჩვენი მოლოდინიც იმგვარია, რომ ოქტომბრის დასაწყისი მშვიდი უნდა იყოს, მაგრამ მანამდე მოგვიწევს საკმაოდ სერიოზული პერიოდის გავლა",-თქვა თამარ გაბუნიამ.
დღეს, 30 აგვისტოს საქართველოში ვირუსის 1 915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 78 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, NCDC-ის ცნობით, 30 აგვისტოს მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 164 402 აცრა. 1 დოზით ვაქცინირებულია 780 948 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.3%, სრულად ვაქცინირებულია 383 454 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 13.4% 29 აგვისტოს აიცრა 17 670 ადამიანი.