საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კიდევ ერთხელ ეხმაურება ვაქცინაციის პროცესის დაჩქარების აუცილებლობას და სექტორში დასაქმებულებს დროულად აცრისკენ მოუწოდებს.
ასოციაცია წერს, რომ ვაქცინაცია თანამოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენის და კოვიდპანდემიის დასრულების ერთადერთი გზაა.
"ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვაქცინაციის გარეშე ქვეყანა ვერ შეძლებს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას და, შესაბამისად, დიდი ხნით მოგვიწევს საუბარი ეკონომიკური ხასიათის პრობლემებზე და კომპანიების გაუარესებულ ფინანსურ მდგომარეობაზე. ასევე, პრობლემას წარმოადგენს სრულფასოვანი განათლების მიღების უფლების შეზღუდვა, რაც უმნიშვნელოვანესი პრობლემაა სკოლის მოწაფეებისა და სტუდენტებისათვის.
ამასთან, ვაქცინაციის ყოველდღიურად მზარდი რიცხობრივი მაჩვენებლები იმედს იძლევა, რომ ჩვენი ქვეყანა მოკლე ვადაში შეძლებს არსებული რთული ვითარების გადალახვას და ნორმალიზაციისკენ წასვლას.
ბიზნეს სექტორისთვის ყოველი ახალი შეზღუდვა, ბუნებრივია, გულისხმობს სოლიდურ ეკონომიკურ ზარალს, თუმცაღა, აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ფასდაუდებელია ადამიანის სიცოცხლე და თითოეული ადამიანის გადასარჩენად საზოგადოება ვალდებულია ნებისმიერი ფასი გაიღოს. დღეისათვის ამ ვალდებულების შეგნებულად და წესიერად შესრულებას კი მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მარტივი რამ, ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების, ნათესავების, მეგობრების, ახლობლებისა თუ ნაცნობების სწრაფი ვაქცინაცია სჭირდება", - წერია განცხადებაში.
ბიზნეს ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ მომდევნო დღეებში ვაქცინაციის მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზრდება, რაც, თავის მხრივ, შექმნის უსაფრთხო გარემოს როგორც რისკ-ჯგუფებისთვის, ასევე საზოგადოების სხვა წევრებისათვის.