პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ევროკავშირს "რეჟიმის დაფინანსების შეწყვეტისკენ მოუწოდა".
ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება ქვეყნისა და ხალხის მტრობაა:
"როგორ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო ასეთი მავნებელი, არასერიოზული კაცის განცხადებაზე. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩვენი მთავრობა მუშაობდა აქტიურად, ეს იყო 2014 წელი, როცა ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას და შემდეგ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა უვიზო რეჟიმის მიღებაზე, ამ შემთხვევაში საუბარი იყო ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო გადაადგილებაზე, ეს ხომ არ იყო მხოლოდ ჩვენი პარტიის წევრებისთვის უვიზო გადაადგილება, ჩვენ ვმუშაობდით ჩვენი ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის მიღწევაზე. ჩვენ მივიღეთ უვიზო რეჟიმი. მაშინ, მიზანმიმართული, ანტისახელმწიფოებრივი მუშაობა მიმდინარეობდა, რომ როგორმე არ მიეღო ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანას უვიზო რეჟიმი. რა ჰქვია ამას, თუ არა მტრობა საკუთარი ქვეყნის და ხალხის? იგივე ხელწერა გრძელდება დღემდე. ეს ადამიანები, ვინაიდან საკუთარ ხალხს, მოსახლეობას ვეღარ ელაპარაკებიან, იციან, რომ ყველა არჩევნებში სასტიკად მარცხდებიან, ამიტომ გადასული არიან ასეთ მავნებლურ პოლიტიკაზე, რომ რამენაირად პრობლემები შეუქმნან ჩვენს სახელმწიფოს და მოქალაქეებს, ეს არის მტრობა ქვეყნის და ამ მტრობას კიდევ ერთხელ დავუსვამთ წერტილს 2 ოქტომბერს",- თქვა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილი მაკროფინანსური დახმარების შეწყვეტის საკიტხსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ტრაგედიაა, როცა ოპონენტები ევროკავშირის სტრუქტურებში სანქციებზე საუბრობენ.
"ტრაგედია არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი დადის ევროკავშირის სტრუქტურებში და მოგეხსენებათ, ის გაწევრიანებულია ევროკავშირის სახალხო პარტიაში და აქვს ყველა მცდელობა, რომ რამენაირად, რაღაც სანქციები და შეფერხებები წამოვიდეს ჩვენი მიმართულებით",- თქვა მან.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს Facebook-ზე გამოეხმაურა. "მე მინდა მართლაც მოვუწოდო ევროკავშირს, შეუწყვიტოს ამ რეჟიმს ფინანსური დახმარება იმიტომ, რომ ქართველ ხალხამდე არაფერი არ აღწევს, ელიტური კორუფციის გამო",-დაწერა მან.