"ქართული ოცნების" ლიდერის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდეგ დღეს არეულობისთვის ემზადება. პარტიაში გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვილმა თქვა, რომ ამაზე ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია მიანიშნებს.
პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლების ოპონენტები არ აწარმოებენ საარჩევნო კამპანიას, არ საუბრობენ პროგრამაზე. ამასთან, მისი თქმით, ისინი არ იყენებენ რეკლამისთვის განკუთვნის ბილბორდებს, რათა შემდეგ თქვან, რომ კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობდა.
"ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიცია, ფაქტობრივად, არ აწარმოებს საარჩევნო კამპანიას, არ საუბრობს რეგიონის მოსახლეობის საჭიროებებზე და არ აქვს რაიმე, თუნდაც, პროგრამის მსგავსიც კი. ისინი მოსახლეობას არ სთავაზობენ არაფერს, გარდა დეზინფორმაციისა და ზიზღის კამპანიისა. მეტიც, ისინი არ იყენებენ გარე სარეკლამო, რეკლამისთვის განკუთვნილ სივრცეებს, მათ შორის არ აქვთ სარეკლამო ბილბორდები, რაც ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ისაუბრონ, თითქოს კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობდა და ამის არგუმენტად სარეკლამო სივრცეების თანაფარდობა მოიყვანონ.
ოპოზიცია არ იყენებს ფასიან საეთერო დროს თავისი საარჩევნო რგოლების გასაშვებად, იყენებენ მხოლოდ საარჩევნო სუბიექტისთვის განკუთვნილ უფასო სარეკლამო დროს, რათა არჩევნებში მათი გარდაუვალი მარცხის შემდეგ ითქვას, რომ წინასაარჩევნოდ არათანაბარი და არაკონკურენტული გარემო იყოს შექმნილი. ეს იმ პირობებში, როცა ბოლო საპარალამენტო არჩევნებზე ოპოზიციამ, მარცხის მიუხედავად, უფრო მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე ქართულმა ოცნებამ",-თქვა მან.
პაპუაშვილმა ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია პროვოკაციისთვის ემზადება, წინასაარჩევნოდ ერთ თვეში კი "პროვოკაცია უფრო რადიკალურ ზომებს მიიღებს". მისი თქმით, პროვოკაციის მცდელობას ძირითადად "ნაციონალური მოძრაობისგან" ხედავს, თუმცა როგორც აღნიშნავს, ამ პარტიის გარშემო ხდება სხვა პარტიების "დაჯგუფებაც". პაპუაშვილმა თქვა, რომ მისი ინფორმაციით, პარტია გეგმავს, რომ პროვოკაციებმა უფრო მძიმე ხასიათი მიიღოს. მანვე თქვა, რომ "ქართული ოცნება" "დესტრუქციის მიუხედავად, საარჩევნო კამპანიას მშვიდად წარმართავს".