"საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის" წევრის აკაკო კობალაძის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკონსულტაციო ჯგუფში საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა ჯგუფში არც ერთი მათგანი არ არის. კობალაძის განმარტებით, ჯგუფში წარმოდგენილია 12 წევრი, მათგან ერთი სახალხო დამცველის წარმომადგენელია, 11 წევრიდან 9 კი ცესკოს გარანტიორი ორგანიზაცია.
"მოლოდინი იყო, რომ ამ ჯგუფში უნდა ყოფილიყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები, ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შედეგად მივიღეთ, რომ არც ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი აქ არ არის, რაც შეეხება ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საიამ და სამართლიანმა არჩევნებმა ორგანიზაცია დატოვეს და დღესდღეობით ორგანიზაცია წარმოდგენილია 12 წევრით, მათგან ერთი არის სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ხოლო 11 არასამთავრობო ორგანიზაციიდან 9 ცესკოს გარნტიორი ორგანიზაციაა, რომელიც ცესკოზე მატერიალურად არის მიბმული",- თქვა აკაკი კობალაძემ.
"საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის" დამფუძნებელი აკაკი ხუსკივაძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ჯგუფი დავებს ვერ განიხილავს, ვინაიდან თავად მისი თავმჯდომარე არის დარღვევით დანიშნული.
"რა დავები უნდა განიხილოს საკონსულტაციო ჯგუფმა, რომელსაც თვითონ თავმჯდომარე ჰყავს დარღვევით არჩეული. მიხეილ ანდღულაძე არის დარღვევით არჩეული თავმჯდომარე, ვინაიდან მისი კანდიდატურა სამჯერ იყო დასახელებული,-თქვა აკაკი ხუსკივაძემ.
კობალაძისა და ხუსკივაძის განცხადებებს ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე, მიხეილ ანდღულაძე გამოეხმაურა. ანდღულაძე კობალაძისა და ხუსკივაძის განცხადებებს არაკორექტულს უწოდებს და ამბობს, რომ მისი არჩევის პროცესში კანონი არ დარღვეულა.
საკონსულტაციო ჯგუფი საარჩევნო დავებთან დაკავშირებით რეკომენდაციების წარსადგენად შეირჩა, თუმცა როგორც ცნობილია, ჯგუფის დაკომპლექტების პროცესს ორი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა" და "სამართლიანი არჩევნები" შერჩევის ხარვეზიანი პროცესისა და უნდობლობის გამო გამოეთიშა.