პედიატრების თქმით, კორონავირუსის დელტა ვარიანტი ბავშვებში რთულად მიმდინარეობს. ციციშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე ამბობს, რომ ბავშვებში ინფექციის წყარო, ძირითადად მშობლები და მათი გარემოცვაა, ამიტომ მისი თქმით, მათი ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.
"ეს ჩვილები და ახალშობილები მხოლოდ ოჯახის წევრებთან კონტაქტის შედეგად ინფიცირდებიან. ინფიცირებისგან თავის დასაცავად, პანდემიის გაჩერების ერთ-ერთი ვარიანტი, ეს არის ვაქცინაცია. თუ მშობლები და ბავშვის გარემოცვა ჩაიტარებს ვაქცინაციას, ამით გარკვეულწილად, შევაჩერებთ ბავშვების ავადობას",- თქვა მაია ჩხაიძემ.
ბავშვთა ექიმი, ლალი ჯანაშია საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ბავშვების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ. მისი თქმით, ყოველი 100 ინფიცირებულიდან 10-12 ბავშვია.
"უმორჩილესად გთხოვთ, ბავშვებს გაუფრთხილდით, რომლებშიც საკმაოდ რთულად მიმდინარეობს დელტა შტამი, მაღალი ცხელებით, ენტერალური სინდრომებით, ჰიპობოლემიით",-ამბობს ლალი ჯანაშია.
ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის დელტა ვარიანტის ცირკულაციის შემდეგ, ვირუსის ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელმა იმატა. დღევანდელი, 31 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ვირუსის 4 778 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გასული დღე-ღამის განმავლობაში 79 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, ეპიდემიოლოგებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, დელტა ვარიანტი განსაკუთრებით საშიშია ორსულებისა და ბავშვებისთვის. აგვისტოს თვეში კორონავირუსს 5 ორსულის სიცოცხლე ემსხვერპლა. გუშინ, 30 აგვისტოს კი ვირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
ექიმები ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობენ და ორსულებს აცრისკენ მოუწოდებენ. რაც შეეხება ბავშვებს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, ბავშვებში აცრის დაშვებაზე, სამინისტრო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ელოდება.