14 წლამდე ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი 15%-ია - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 19 წლამდე ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი, საერთო ჯამში 20%-ა. როგორც გამყრელიძე განმარტავს, 14 წლამდე ბავშვებში მაჩვენებელი 15%-ა, ხოლო 14-19 წლამდე ბავშვებში 5%.

"14 წლამდე ბავშვებში ჩვენ გვაქვს 15% ინფიცირება, თუ ჩავთვლით 19 წლამდე, მაშინ კიდევ 5% დაამატეთ, ანუ 20%-მდე. მაგრამ 14 წლამდე ეს არის 15%. ანუ დღეს, თუ 4 700 შემთხვევა იყო, იქიდან იანგარიშეთ, 15% ინფიცირებული 14 წლამდე ბავშვი იყო",- თქვა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის დელტა ვარიანტის ცირკულაციის შემდეგ, ვირუსის ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელმა იმატა. დღევანდელი, 31 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ვირუსის 4 778 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გასული დღე-ღამის განმავლობაში 79 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, ეპიდემიოლოგებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, დელტა ვარიანტი განსაკუთრებით საშიშია ორსულებისა და ბავშვებისთვის. აგვისტოს თვეში კორონავირუსს 5 ორსულის სიცოცხლე ემსხვერპლა. გუშინ, 30 აგვისტოს კი ვირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

ექიმები ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობენ და ორსულებს აცრისკენ მოუწოდებენ. რაც შეეხება ბავშვებს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, ბავშვებში აცრის დაშვებაზე, სამინისტრო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ელოდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი